თბილისი, 21 ივნისი − Sputnik. თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რომელმაც გამთენიისას ფილარმონიის მიმართულებით გადაინაცვლა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი ნიკა მუხიგულაშვილი დააკავეს, იუწყება TV1.
საინფორმაციო გადაცემა „მოამბის“ ოპერატორის თქმით, მუხიგულაშვილი ერთ−ერთ სადარბაზოსთან აქციის მონაწილეების დაკავების კადრებს იღებდა, როდესაც პოლიციამ მას გადაღების შეწყვეტა მოსთხოვა.
„პოლიციამ მოსთხოვა მას, ნუ იღებდა მიმდინარე მოვლენებს. ნიკამ უთხრა, რომ ჟურნალისტი იყო, აჩვენა ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობაც, თუმცა პოლიციამ სცემა და მოგვიანებით დააკავა“, — ამბობს საქართველოს პირველი არხის ოპერატორი, რომელიც ჟურნალისტთან ერთად იმყოფებოდა.
მისი თქმით, პოლიციამ ოპერატორს კამერა წაართვა და დაუმტვრია.
გავრცელებული ინფორმაციით, მუხიგულაშვილი თავდაპირველად ორთაჭალაში მიიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, შემდეგ კი თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.
გუშინ ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა მას შემდეგ ააგორა, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ამ დილით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია.