თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ქართველ კოლეგასთან სალომე ზურაბიშვილთან მინსკში შეხვედრისას თბილისში მომხდართან დაკავშირებით იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა შეძლებს რთული ვითარებიდან გამოსვლას.
საპროტესტო აქცია თბილისში, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძლიდან რუსულად მიმართა მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორის ასამბლეაზე შეკრებილებს, მოგვიანებით არეულობაში გადაიზარდა. შედეგად, საავადმყოფოებში ასზე მეტი დაშავებული გადაიყვანეს — როგორც მომიტინგეები, ისე პოლიციის თანამშრომლები. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა შეწყვიტა სამუშაო ვიზიტი ბელარუსში და სამშობლოში დაბრუნდა.
„მერწმუნეთ, მე ყველაფერს ვაკეთებ მუდმივად კეთილი და თბილი ურთიერთობების შესანარჩუნებლად. ჩვენთვის სულ ერთი არ არის, რა მდგომარეობაა საქართველოში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თქვენმა ერმა ბევრი სიმძიმე გადაიტანა და ყოველთვის ღირსეულად გამოვიდა სირთულეებიდან“, — განაცხადა ლუკაშენკომ.
სალომე ზურაბიშვილმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ბელორუს კოლეგას შეხვედრისთვის და ბოდიში მოუხადა ვიზიტის შეწყვეტისთვის.
„ახლა საქართველოში დაძაბული მდგომარეობაა და მე აუცილებლად მიმაჩნია იქ ყოფნა. როცა ქვეყანაში რაღაც ხდება, სახელმწიფოს მეთაური ადგილზე უნდა იყოს. მე კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს, ვინაიდან ვალდებული ვარ წავიდე და ჩემი ხალხის გვერდით დავდგე“, — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ალექსანდრ ლუკაშენკომ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პრეზიდენტი გამონახავს დროს იმისთვის, რომ დაბრუნდეს ბელარუსში და დაათვალიეროს არა მხოლოდ მინსკი, არამედ მთელი ქვეყანა.