თბილისი, 20 ივნისი − Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პოსტის დატოვებას არ აპირებს და აცხადებს, რომ მისი გადადგომის თაობაზე მოთხოვნა არასერიოზულია, ნათქვამია ტელეკომპანია „იმედის“ ვებგვერდზე.
„მე ამასთან დაკავშირებით შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთება იმ ადამიანების მოთხოვნაზე, რომლებიც ამ განცხადებით გამოდიან, ვერ გავაკეთებ, კონკრეტული მიზეზების გამო“, — განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მედიამ მმართველ პარტიასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე, როგორც კი თბილისში დაბრუნდებოდა აზერბაიჯანში შეწყვეტილი ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, მაშინვე გააკეთებდა განცხადებას გადადგომის შესახებ. წყაროს ინფორმაციით, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო და უახლოეს საათებში უნდა გახმოვანებულიყო.
ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს პოლიტიკოსებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
მოგვიანებით მმართველი პარტიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მოხდა „პროტოკოლის შეცდომა“ და შეწყვიტა ფორუმი, რომელშიც 25 ქვეყნის 100 დელეგატი მონაწილეობდა.
ამ დროისათვის ვითარება რუსთაველის პროსპექტზე და უკიდურესად დაძაბულია. მიტინგის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და პარლამენტის ეზოში შეაღწიეს.
ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა ააგორა მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ამ დილით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია.