თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოში შიდა ტურისტების რაოდენობა 2019 წლის პირველ კვარტალში 11,9%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების მონაცემებით, იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში ერთ თვეში მოგზაურობდა ქვეყნის საშუალოდ 918,4 ათასი მცხოვრები. მათ განახორციელეს 1,1 მილიონი მგზავრობა სხვა დასახლებულ პუნქტებში. აქედან ტურისტული დანიშნულება ჰქონდა 470,8 ათასს.
ტურისტული ვიზიტების რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე თვეში საშუალოდ 11,9%-ით მეტია.
ამასთან, პირველ კვარტალში ქვეყნის მცხოვრებლები უმეტესად სტუმრობდნენ მეგობრებსა და ნათესავებს. ასევე ხშირი იყო მგზავრობა შოპინგზე და სამკურნალოდ.
ტურისტი რეზიდენტების ვიზიტების მიზნები
თვის საშუალო მაჩვენებლები
ვიზიტის მიზანი | ვიზიტების რაოდენობა ათასი | წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში % |
ვიზიტი ნათესავებთან და მეგობრებთან | 606,6 | 55,1 |
შოპინგი | 142,9 | 13 |
მკურნალობა | 111,7 | 10,1 |
მეორე სახლში სტუმრობა | 84,9 | 7,7 |
დასვენება და გართობა | 62,0 | 5,6 |
პროფესიული საქმიანობა | 52,3 | 4,7 |
მოსალოცად წასვლა | 16,9 | 1,5 |
განათლება | 4,1 | 1,5 |
სხვა | 19,7 | 1,8 |
ამასთან, უმეტესად საქართველოს მოქალაქეები სტუმრობდნენ თბილისს, იმერეთის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებს.
მოგზაურობისას ყველაზე მეტი ფული საქართველოს მცხოვრებლებმა დახარჯეს საყიდლებზე, საჭმელ-სასმელზე და ტრანსპორტზე.
საქართველოს მცხოვრებლების, როგორც ტურისტების ხარჯები
თვის საშუალო მაჩვენებლები
ხარჯის სახეობა |
ხარჯები სულ - მლნ ლარი | ერთი ვიზიტის ხარჯები - ლარი |
საყიდლები | 41,2 | 37,4 |
საჭმელ-სასმელი | 25,9 | 23,5 |
ტრანსპორტი | 23,7 | 21,6 |
განთავსება | 4,5 | 4,1 |
გართობა | 2,3 | 2,1 |
სხვა | 24,1 | 21,9 |
შიდა ტურისტების 53,4%-ს ქალები შეადგენენ.