თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე ავთანდილ მამედოვი, რომელიც სამშობლოში თაღლითობისთვის იძებნება.
შსს-ს განცხადების თანახმად, 36 წლის მამედოვი ორშაბათს მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, 2017 წლის 17 მაისს ქუბის რაიონის პროკურატურამ თაღლითობის საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მოგვიანებით, 2018 წლის 24 მაისს ქუბის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მამედოვს პატიმრობა შეუფარდა. აზერბაიჯანის მხარის მტკიცებით, ინტერპოლმა დაკავებული „წითელ ცირკულარში“ შეიყვანა.
შესაბამისი პროცედურების შემდეგ საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლები აზერბაიჯანის მოქალაქეს ქვემო ქართლის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსებენ, ნათქვამია განცხადებაში.
„2017 წელს მამედოვმა საქართველოს შესაბამის კომპეტენტურ უწყებას საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა. ყველა შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ მას მოთხოვნაზე უარი ეთქვა საფუძვლების არარსებობის გამო. თავშესაფრის მაძიებელმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში და ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი“, - აცხადებენ შსს-ში.
მათივე განმარტებით, პროცესის დასრულებამდე მამედოვი ითვლება საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავშესაფრის მაძიებელი პირი არ შეიძლება იქნეს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო გადაწყვეტილებას არ მიიღებს ან სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შევა.
უფლებადამცველმა ლეილა მამედოვამ რადიო „მარნეულისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დაკავებული აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტია.