ბათუმის ზღვის სანაპიროზე ტურისტებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის სანახაობრივი საზაფხულო ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალი სანაპიროზე, „ანბანის კოშკის“ წინ გაიხსნა. ფესტივალისთვის მოეწყო ბუნგალოები, ღია კაფეები, ფრანების შოუ, დაიგეგმა კულტურული და სპორტული აქტივობები ელექტრონული მუსიკის ფონზე. გვიან ღამემდე დამსვენებლის განწყობაზე ქართველი და უცხოელი დიჯეები იზრუნებენ.
ფესტივალზე გამოიფინა ასევე „ტურისტული ოსკარი“, რომელიც ბათუმმა რამდენიმე დღის წინ მიიღო.
„წელს ტურისტების განსაკუთრებულ მატებას ველოდებით. უკვე ამ დროისთვის ძალიან ბევრი ტურისტია არა მარტო მეზობელი ქვეყნებიდან, არამედ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან. წლევანდელი სეზონისთვის ტურისტული პროდუქტები გაიზარდა არა მარტო ბათუმში, არამედ მთიან აჭარაში, დაცულ ტერიტორიებზეც”, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.
სანახაობები ზაფხულის ფესტივალის ფარგლებში გვიან ღამემდე გაგრძელდება.
საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ სანაპიროზე ფესტივალის სტუმრებს ნამდვილი საზაფხულო დღესასწაული და გართობა ელოდებათ. ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები იზრუნებენ.
პლაჟზევე იმუშავებენ ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი.
დღის განმავლობაში სტუმრებისთვის მრავალფეროვანი სპორტულ-გასართობი აქტივობებია დაგეგმილი, რომელიც ყველა ასაკისა და კატეგორიის სტუმარზეა გათვლილი.
„ზაფხულის ფესტივალი“ რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.