თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 21 წლის მამაკაცი აჭარაში მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაკავებულმა გასული წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით, 20-მდე მომხმარებლის ყალბი Facebook-გვერდი შექმნა და მათ მეგობრებს, თაღლითური გზით, „კრისტალბეთის“ ანგარიშზე ფული ჩაარიცხვინა.
ბრალდებული ჯამში 8 ათას ლარის ოდენობის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
სამართალდამცველებმა, ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათები, რომელთა გამოყენებითაც ბრალდებული თანხის მისაკუთრებას და შემდგომ მის განაღდებას ახერხებდა.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევ თაღლითობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.