თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს შსს დაიცავს აქციის ყველა მონაწილეს, თუ თავისუფლების გამოხატვა არ გასცდება კანონით დაშვებულ ფარგლებს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„ლგბტ-პრაიდის კვირეული“ საქართველოს დედაქალაქში 18-23 ივნისს არის დანიშნული. ამ ღონისძიებების ორგანიზატორია „თბილისი პრაიდი“. პარასკევს საქართველოს საპატრიარქომ მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებას არ დაუშვას გეი-პრაიდის ჩატარება თბილისში. იმავე დღეს ლგბტ-საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ სამთავრობო ადმინისტრაციის შენობის წინ და საპატრიარქოს განცხადება გააპროტესტეს. პარალელურად ჩატარდა კონტრაქცია.
„რაც შეეხება მიმდინარე დღეებში დაგეგმილ სხვადასხვა აქციას, პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს შეკრების მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს.
პარასკევს კონტრაქციაში რიგითი მოქალაქეების გარდა სამღვდელოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მთავრობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელიც ორი აქციის მონაწილეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა.
ორი კონტრაქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან: არიან დაკავებულები - ვიდეო >>
ორი აქციის მიმდინარეობისას რამდენიმე ინციდენტი მოხდა. დაკავებული პირები ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და კვერცხების სროლით გამოხატავდნენ აგრესიას აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერების, ასევე ჟურნალისტების მიმართ.
ინციდენტების შედეგად პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 28 ადამიანი დააკავა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შსს-მ ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
აგრეთვე მიმდინარეობს გამოძიება სახალხო დამცველის მიმართ ინტერნეტ-სივრცეში მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელების ფაქტზე.
გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.