თბილისი, 14 ივნისი - Sputnik. მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც ერთდროულად ორი აქცია იმართება, სამართალდამცველებმა ოთხი ადამიანი დააკავეს, რომლებიც პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
აღნიშნული კორდონი სამართალდამცველებს, შეკრებილთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ორ საპირისპირო აქციას შორის ჰქონდა მოწყობილი.
„სამართალდამცველებმა მათ საპირისპირო აზრის მქონე ჯგუფთან მიახლოების, ასევე სიტუაციის ესკალაციის უფლება არ მისცეს და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ადგილზე დააკავეს. დაკავებულები გადაყვანილი არიან პოლიციის განყოფილებაში. ისინი 173- ე მუხლით, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს“, - აცხადებენ შსს-ში.
გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის გამართვა ლგბტ თემის წარმომადგელებმა და მათმა უფლებადაცველებმა დაგეგმეს, რათა საპატრიარქოს განცხადება გაეპროტესტებინათ. მაგრამ ადგილზე მისვლა „ქართული მარშისა“ და სამღვდელოების წარმომადგენლებმა დაასწრეს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებენ ლგბტ თემის წევრთა შეკრებას. მათ თან აქვთ პლაკატი წარწერით: „ჰომოსექსუალები თუ არ შეინანებენ, ჯოჯოხეთში მოხვდებიან!“
ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც ორ საპროტესტო აქციას კორდონით ჰყოფს.
საქართველოს საპატრიარქომ დღეს საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებას, არ დაუშვას ლგბტ პრაიდის ჩატარება, რომელიც თბილისში 18-23 ივნისს არის დაგეგმილი.