იმ ავბედით ღამეს ზოოპარკის თანამშრომლებმა წყალს არაფერი გაატანეს, არაფერი შეარჩინეს… ისევ თავიდან დაიწყეს, ისევ ახალი მასპინძლები, ისევ ახალი თანამშრომლები, შენობები და ახალი ბედნიერებები…
ჩვენი ტალახიანი, სუფთა, ლამაზი გოგო-ბიჭები ამ ამბის მოწმეებიცა და მონაწილეებიც არიან...
ცრემლით სავსე თვალებში ღიმილი უკრთოდათ, როცა დაღუპულთა ძებნის პარალელურად ბეჰემოთის „დიდ გასეირნებას“ ადევნებდნენ თვალს. იმ საშინელ საათებში ბეგის არსებობამ თბილისელებისთვის რაღაცნაირი საკრალური აზრი შეიძინა.
13 ივნისის სიმბოლოდ ქცეულ თბილისის ზოოპარკის ბინადრის, ბეჰემოთ „ბეგის“ პოპულარობა შოუ–ბიზნესის ნებისმიერ ვარსკვლავს შეშურდება. ზუსტად ოთხი წლის წინ, 2015 წლის 13 ივნისს თბილისის ცენტრში მშვიდად მოსეირნე „ბეგის“ ფოტოებმა მთელი მსოფლიო შემოიარა.
სოციალურ ქსელებში მოწოდებაც კი გაჩნდა, თბილისის სიმბოლოდ ვაქციოთო ბეგი.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მომავალ წელს „ბეგის“ გმირთა მოედანზე ძეგლს დაუდგამენ და „მოხალისეების“ სახელობის ჯილდოც დაწესდება.
ცოტა რამ „ბეგის“ შესახებ:
ბეგის ნამდვილი სახელია „ჰუსეინ-დელფინი“. ამ სახელით ჯერ კიდევ მაშინ ჩამოვიდა კალინინგრადის ზოოპარკიდან, როცა სულ პატარა იყო. ახლა 20 წლისაა. ჩამოსვლისთანავე მომვლელებს სახელი ეუცნაურათ, შეუცვალეს და დაარქვეს ბეგლარი – მოფერებით „ბეგი“.
როგორც ყველა ბალახისმჭამელი, ისიც პირწავარდნილი ვეგანია. ვითომ გულკეთილი ბიჭია, მაგრამ არაფერი შეგეშალოთ – თუ გააბრაზებთ, ნაღდი კავკასიელივით განრისხება იცის.
აღარ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ „ბეგი“ სასურველი სასიძო აღმოჩნდა მსოფლიოს მრავალი ზოოპარკისთვის. ამჟამად რიგის ზოოპარკის ადმინისტრაციას სურს ბეგისთვის, არც მეტი არც ნაკლები, ორი საპატარძლოს შეთავაზება (რადგან ისინი პოლიგამები არიან), თუმცა სანამ უფრო დიდი ვოლიერი აშენდება, ბეგი ჯერ „თავს იფასებს“.
„პრობლემა ის არის, რომ მას არ აქვს ვოლიერი და ვცდილობთ ავუშენოთ კარგი საცხოვრებელი. ვეცდებით, მალე მოხერხდეს ეს საკითხი, თუმცა საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება ახალი ვოლიერის აშენებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახლად შეუღლებულ წყვილს შესაძლოა მალე შვილები ეყოლოს“, – აღნიშნა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ჩვენთან საუბრისას.
ცოტა ხნის წინ, წყალდიდობის შემდეგ სპილოები შევიწროვდნენ და საცხოვრებელი ფართი „ბეგის“ დაუთმეს. აქაც, როგორც ადამიანებთან, ქორწილი ფინანსებთან არის დაკავშირებული. მატერიალური სიდუხჭირის ამბავია... აბა, ასეთ პირობებში როგორ მოიყვანს მეუღლეს?!
ვოლიერის აშენება და თაფლობის თვე ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზეა დაგეგმილი, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 48 ჰექტარ ფართობს იკავებს, მაგრამ როდის შეგროვდება საჭირო თანხა, ჯერ არავინ იცის...