თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების რიგით მეთორმეტე საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2019 გაიხსნა.
WinExpo Georgia — საქართველოში ერთადერთი და ყველაზე მასშტაბური სავაჭრო გამოფენაა, რომელზეც წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოებისთვის ყველა საჭირო კომპონენტი. ეს არის მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სასუქები, ნერგები, ტარა და შესაფუთი მასალები, აქსესუარები და სერვისების ფართო სპექტრი. ღონისძიება აერთიანებს ტრადიციულ სავაჭრო გამოფენას დამატებითი ღონისძიებების გეგმით, რომელიც გამოფენის პარალელურად გაიმართება. გამოფენა 13-15 ივნისს გაიმართება.
„გამოფენის მასშტაბი, მონაწილე კომპანიების და ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ადასტურებს გამოფენის პრესტიჟულობას და ქართული ღვინისადმი გაზრდილ ინტერესს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გამოფენის გახსნაზე.
გამოფენაში 12 ქვეყნის (საქართველო, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსია და თურქეთი) 160-მდე კომპანია მონაწილეობს, რომელთა შორის 110-ზე მეტი ღვინის მწარმოებელი მსხვილი, საშუალო და მცირე კომპანიაა.
WinExpo-ს ყოველწლიურად დაახლოებით 4 ათასი დამთვალიერებელი სტუმრობს.
„წლების განმავლობაში, ქვეყანაში ღვინის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, იქმნება ღვინის მწარმოებელი ახალი კომპანიები, ინერგება ახალი ტექნოლოგიები და იწარმოება მაღალი ხარისხის ღვინო. ყოველწლიურად იზრდება ქართული ღვინის ექსპორტიც“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
ღვინის დამზადების ტრადიცია საქართველოში რვა ათას წელს ითვლის. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ღვინისა და ვაზის გამოსახულებები გამოყენებულია ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.
დღეს საქართველოში უამრავი ყურძნის ჯიში მოჰყავთ. დაახლოებით 500 სახეობა მთელ მსოფლიოში ცნობილი 4 ათასი სახეობიდან ქართული წარმომავლობისაა. ღვინის დამზადებისა და ქვევრში შენახვის ტრადიციული ქართული მეთოდი კი 2013 წლიდან იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.