თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. თბილისის მერიამ დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, სადაც, კვლევების თანახმად, მშენებლობა ადგილობრივ მცხოვრებთა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, მშენებლობა აკრძალა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ოთხშაბათს ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ვნებები კოეფიციენტის ირგვლივ: თბილისში მშენებლობის წესები მკაცრდება >>
ვარაზისხევის ზედა ნაწილში, 200 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელსაც ემიჯნება ჟვანიას, გოგობერიძის, ჯაფარიძისა და მარაბდის ქუჩები, მერიის ინიციატივით, ჩაატარეს საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევები. შედეგებმა აჩვენა, რომ ამ მონაკვეთებზე მშენებლობა უსაფრთხო არ არის.
„როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ჩვენ უკომპრომისოები ვიქნებით და არ დავუშვებთ მშენებლობის ნებართვები გაიცეს იმ ადგილებში, რომლებმაც მომავალში შეიძლება პრობლემები შექმნას“, - აღნიშნა კალაძემ.
მერიის ამ გადაწყვეტილებას, კალაძის თქმით, მოჰყვა ინვესტორების უკმაყოფილება, რომლებმაც უკვე მოამზადეს სამშენებლო მოედნები სამუშაოების დასაწყებად.
„ჩვენ მოვისმინეთ ბევრი კრიტიკა... იყო ძლიერი ზეწოლა ინვესტორების მხრიდან, მაგრამ ჩვენთვის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი საკითხია“, - განაცხადა მერმა.
იმაზე, რომ მერია განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევდა ქალაქის სახიფათო რაიონების გეოლოგიურ შესწავლას, ქაოსურ მშენებლობას როგორც ჟვანიას ქუჩაზე, ისე მდინარე ვერეს ხეობაში და გლდანში, ტბის ტერიტორიაზე, კალაძე ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდა. მაშინ მან აღნიშნა, რომ ეს ტერიტორიები მაქსიმალურად იქნება გამოკვლეული და მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემა მშენებლობის ნებართვები.
ქაოსურ მშენებლობასთან ბრძოლა - თბილისის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დედაქალაქის მერად არჩევისთანავე კალაძემ წამოიწყო ინსტიტუციური რეფორმა, რომლის შედეგად შეიქმნა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური. გარდა ამისა, მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ დამტკიცდა ქალაქის პრაქტიკულად ახალი გენერალური გეგმა.
თბილისის საკრებულომ 2019 წლის მარტში დაამტკიცა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქალაქის განვითარების ახალ კონცეფციას. გენერალური გეგმის მიხედვით, თბილისი განვითარდება ოთხი მიმართულებით: „კომპაქტური ქალაქი“, „მწვანე ქალაქი“, „კარგად შეკრული ქალაქი“ და „მდგრადი ქალაქი“.