თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ზაფხულში სხვადასხვა დაავადების წყარო უხარისხო წყალი და გაფუჭებული პროდუქტები შეიძლება გახდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე.
სპეციალისტი მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებით ყურადღებით იყვნენ ბუნებაში ყოფნისას.
„დაავადებების თავიდან ასაცილებლად ზაფხულში პირველი და ძირითადია – ფრთხილად ვიყოთ წყალთან. ბევრს ნებისმიერი წყარო სუფთა ჰგონია, მაგრამ ასე არ არის. თუ არ ვართ დარწმუნებული წყლის უსაფრთხოებაში, გადადუღებული წყალია საჭირო", – განაცხადა იმნაძემ.
სპეციალისტი გვირჩევს, თავი შევიკავოთ ბანაობისგან მცირე წყალსატევებში, რადგან იქ სხვადასხვა დაავადების რისკი არსებობს.
რაც შეეხება კვების პროდუქტებს, ზაფხულში ყურადღება უნდა მიექცეს მათი შენახვის პირობებს.
„პროდუქტების დიდი ხნით მაცივრის გარეშე შენახვა საშიშია. პროდუქტში მოხვედრილი 1-2 მიკრობი არაფერს დაგვიშავებს, მაგრამ თუ ტემპერატურულად მისთვის ხელსაყრელ გარემოში მოხვდა, მაშინ უცებ გამრავლდება და რამდენიმე საათში უკვე სახიფათო გახდება", – აღნიშნა იმნაძემ.
ინფექციონისტი ასევე გვირჩევს, არ დავლიოთ წყალი, თუ ის წყვეტილად მოდის, ხშირად დავიბანოთ ხელები ცივი წყლით. გავანიავოთ შენობა და კარგად გავრეცხოთ ხილი და ბოსტნეული.
რისკის ჯგუფში შედიან ბავშვები, ასაკოვანი ადამიანები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. ისინი მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ, სიცხის დროს ქუჩაში არ გავიდნენ.