თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ლისის ტბაში ცურვა თავისუფლად შეიძლება, რადგან წყლის ხარისხი დადგენილ ნორმას შეესაბამება, იუწყება პირველი არხი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მაისში თბილისის წყალსაცავების შემოწმებას შეუდგნენ. მათ „თბილისის ზღვიდან", კუს ტბიდან და ლისის ტბიდან აიღეს როგორც ქიმიური, ისე მიკრობიოლოგიური სინჯები.
ლისის ტბიდან აღებულ ნიმუშებში სპეციალისტებმა 29 კომპონენტი განსაზღვრეს. აქედან 26 ქიმიურია და სამი - მიკრობიოლოგიური.
„კვლევების შედეგების მიხედვით, ლისის ტბაში განსაზღვრული კომპონენტები ნორმის ფარგლებშია. დაფიქსირდა მხოლოდ ამონიუმის აზოტის კონცენტრაციის უმნიშვნელო მომატება, ხოლო სულფატებისა და კალციუმის კონცენტრაციები ამ ტბისთვის დამახასიათებელია და შეიძლება მის ფონურ შემცველობად ჩაითვალოს", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში ჩატარდა.
სპეციალისტების წყლის ხარისხის მონიტორინგს მთელი სეზონის განმავლობაში განახორციელებენ - მაისიდან სექტემბრის ჩათვლით. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია სააგენტოს ცხელ ხაზზე დარეკვა - 153.
ლისის ტბა თბილისის გარეუბანში მდებარე მცირე ზომის წყალსატევია. მისი ზედაპირი 0,47 კვადრატული კილომეტრია, მაქსიმალური სიღრმე - ოთხი მეტრი. ტბა მცენარეებითაა გარშემორტყმული. წყალსაცავში ბინადრობენ თევზები, ამიტომ აქ თევზაობის მოყვარულებს ხშირად შეხვდებით. ტბის გარშემო მოწყობილია ველობილიკი, ტრენაჟორები, საბავშვო მოედანი, კაფე.