თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები არგენტინაში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე მატჩში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გუნდთან ანგარიშით 20:48 დამარცხდა.
ახალგაზრდა ქართველმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატი წაგებით დაიწყეს >>
მთელი მატჩის დროს სამხრეთაფრიკელები სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ. საერთო ჯამში მათ საქართველოს ნაკრების ჩათვლის ზონაში ბურთი რვაჯერ დაამიწეს.
ილია მაისურაძის შეგირდებმა სამი წარმატებული ლელოთი უპასუხეს, საიდანაც ორი - ოთარ ლაშხის ანგარიშზეა. კიდევ ერთი ლელო შეხვედრის ბოლოს დადო თემურ ჭიჭინაძემ. სამიდან ერთი გარდასახვა და ერთი ზუსტი საჯარიმო დარტყმა ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნის, თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა.
ეს დამარცხება ქართველი მორაგბეებისათვის წლევანდელ ტურნირზე რიგით მეორეა. პირველ სათამაშო დღეს უმცროსი „ჯვაროსნები“ ახალ ზელანდიასთან ანგარიშით 13:45 დამარცხდნენ.
ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით მატჩს С ჯგუფში საქართველოს ნაკრები 12 ივნისს შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს. ეს თამაში, ისევე როგორც მატჩი სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ, ქალაქ როსარიოში გაიმართება.
ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს სამ ჯგუფად დაყოფილი 12 გუნდი. ნახევარფინალში გადიან თითოეული კვარტეტის გამარჯვებული და მეორე ადგილზე გასული ერთი საუკეთესო ნაკრები.
საქართველოს ნაკრებისთვის (U-20) ამჟამინდელი მსოფლიო ჩემპიონატი რიგით მეოთხეა. პირველ ორ „მუნდიალზე“ 2016 და 2017 წლებში ქართველებმა თითო გამარჯვება მოიპოვეს, რითიც ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს. გასულ წელს ქართველმა მორაგბეებმა წინა წელზე გაცილებით უკეთესად იასპარეზეს – მოიპოვეს სამი გამარჯვება და საბოლოოდ მეცხრე ადგილი დაიკავეს.