დღეს ჩვენ ვიმოგზაურებთ ბარსელონაში, სადაც გიდობას ბლოგერი თათია დალაქიშვილი გაგვიწევს.
ალბათ ბევრი ოცნებობს ბარსელონაში მოგზაურობაზე. შევეცდები აგიხსნათ, რა მოვინახულოთ მოკლე დროში ამ ულამაზეს ქალაქში, ისე, რომ არც ბევრი დრო დავხარჯოთ და ბევრი ადგილის ნახვაც მოვასწროთ. მთავარია სწორი განლაგება გავაკეთოთ, რაც დაგვეხმარება ერთი მიმართულებით მოძრაობაში და არ მოგვიწევს გზის გამრუდება.
დღე პირველი
საწყის ლოკაციად ვიღებთ ჩვენს საცხოვრებელ ადგილს. ყოველთვის ეცადეთ ბინა აიღოთ ისეთ ადგილას, რომ არ მოგიწიოთ დროის და თანხის დახარჯვა ტრანსპორტში. ბინას ყოველთვის Airbnb-ის საშუალებით ვქირაობ და ჯერ იმედები არ გაუცრუებია.
დილა 10:00 საათზე იწყება. ბარსელონაში ჩემი ბინა საგრადა ფამილიას გვერდით იყო და რასაკვირველია პირველად მის სანახავად წავედი. საგრადა ფამილია საკმაოდ შთამბეჭდავი არქიტექტურის მქონე ბაზილიკაა. მისი მშენებლობა ჯერ კიდევ 1882 წელს დაიწყო, პროექტი ანტონიო გაუდის ეკუთვნის. პირადად მე მხოლოდ გარე ხედით დავკმაყოფილდი, რადგან რიგი უკიდეგანოდ დიდია და მშენებლობა ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული. ვარაუდობენ, რომ მშენებლობა 2026 წელს დასრულდება. თუ გსურთ კარგი კადრი გადაიღოთ ბაზილიკის ფონზე, მაშინ მის წინ მდებარე პარკში გადაინაცვლეთ, საიდანაც შეძლებთ ლამაზი ფოტოების გადაღებას. ფეხით ბევრი სეირნობა მოგვიწევთ, ამიტომ წყალი ყოველთვის თან იქონიეთ.
საგრადას შემდგომ მოინახულეთ კასა მილა, კასა ამატლერა და კასა ბატლო. ამ ბინებში შესვლა შესაძლებელია და იქ ნამდვილად საუცხოო არქიტექტურა დაგხვდებათ. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ აქაც დიდი რიგი დაგხვდებათ შესასვლელში. შემდგომ კატალონიის მოედანზე გაისეირნეთ, სადაც ტრიუმფალურ თაღს ნახავთ. თაღიდან კი ციტადელის პარკს ეწვიეთ, სადაც ცოტას შევისვენებთ. ამის შემდე გზა ბარსელონის საკათედრო ტაძრისკენ განაგრძეთ. შემდგომ გოთიკურ კვარტალს ეწვევით, სადაც ვიწრო და ლამაზი კაფეებით სავსე ქუჩა გულგრილს არ დაგტოვებთ. სეირნობაში კი ლა-რამბლას მიუახლოვდებით, რომელიც ყველაზე ცნობილი ქუჩაა ბარსელონაში.
ლა-რამბლაზე მდებარეობს ცნობილი მარკეტი „ბოკერია“, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ და დააგემოვნოთ ადგილობრივი დელიკატესები, ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ხილი, რომელსაც შემდგომ პლაჟზე მიირთმევთ და დატკბებით საღამოს ზღვის ხედით. ბოკერიადან გზას კატალონიის ეროვნული ხელოვნების მუზეუმისკენ გააგრძელებთ. ამ დროს უკვე ძალიან დაღლილები იქნებით დაუსრულებელი, მაგრამ სასიამოვნო სეირნობისგან. გეზი პლაჟისკენ აიღეთ. ბარსელონეტას პლაჟზე კომფორტულად მოკალათდით და დაიმუხტეთ ახალი ენერგიით.
დღე მეორე
მეორე დღეს ასევე საინტერესო სანახაობა გელით და ბევრი ენერგია გჭირდებათ. დილა პარკების მონახულებით დაიწყეთ. პირველი გუელის პარკს ეწვიეთ, იქიდან კი ლაბირინთ ბაღში გადაინაცვლეთ. ჩემი ფავორიტი ადგილია Parc del Laberint d’Horta. აქედან კი უკვე სურვილისამებრ გააგრძელებთ ქალაქის დათვალიერებას. თუ ფეხბურთი გიყვართ არ გამოტოვოთ კამპ ნოუს სტადიონი.
რა თქმა უნდა ბარსელონა ამით არ მთავრდება, კიდევ ბევრი საინტერესო ადგილია სანახავი, თუმცა შევეცადე ის ძირითადი ადგილები გამეცნო თქვენთვის, რაც მოკლე დროში აუცილებლად უნდა ნახოთ.
იმედია გამოგადგება ჩემი რჩევები და სასიამოვნოდ გაატარებ დროს ბარსელონაში. ქვემოთ იხილეთ საჭირო მისამართები და აპლიკაციები.
საგრადა ფამილია: Carrer de Mallorca, 401, 08013 Barcelona, Spain, ფასი: 15-დან 30 ევრომდეა, გააჩნია როგორი კატეგორიის ბილეთს შეიძენთ.
კასა ბატლო: Passeig de Gràcia, 43, 08007 Barcelona, Spain. ფასი: 25 ევრო.
კასა მილა: Provença, 261-265, 08008 Barcelona, Spain. ფასი: 22.50 ევრო.
გუელის პარკი: 7,50 ევრო.
Parc del Laberint d’Horta- Passeig dels Castanyers. ფასი: 2,20 ევრო.
საჭირო აპლიკაციები:
Airbnb- თუ ბინის დაქირავებისას გინდათ, რომ თანხას 35 $ დააკლდეს, დარეგისტრირდით ამ ლინკით: www.airbnb.com/c/tdalakishvili1
Google Maps - გაგიმარტივებთ ქალაქში გადაადგილების პროცესს.
My Taxi-ტაქსის აპლიკაციაა და შედარებით იაფად მოახერხებთ გადაადგილებას.
tripadvisor
Spotted by locals
აუცილებლად შეიძინეთ ადგილობრივი სიმ ბარათი ინტერნეტით, ძალიან გამოგადგებათ, მე რეკომენდაციას Orange Sim card_ს ვუწევ.