თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. თბილისში მეცხრეკლასელი გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია TV Pirveli.
უბედური შემთხვევა საბურთალოზე გუშინ, ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა 123-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. სკოლის დირექტორის თამარ ლოსაბერიძის განცხადებით, მომხდარის შესახებ სკოლამ ერთ-ერთი მოსწავლისგან დღეს, დილით გაიგო.
„გოგონას თანაკლასელს ერთ-ერთმა მოსწავლემ მისწერა, რაღაც მოხდაო. ჩვენთვის არ იყო ცნობილი თავიდან, შემდგომ გადავრეკეთ და დადასტურდა, რომ სიმართლე ყოფილა. გამორჩეული გოგონა იყო, ზრდილობიანი, გამოირჩეოდა განათლებით", – განაცხადა სკოლის დირექტორმა თამარ ლოსაბერიძემ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.