2019 წლის დასაწყისიდან ქართული პროდუქციის ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17,9%–ით გაიზარდა და 1,1 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე 8,4%–ით გაიზარდა და 2018 წლის იანვარ–აპრილთან შედარებით 739,9 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველოდან პროდუქციის საკმაოდ ფართო ასორტიმენტი გადის – ქვეყანა ყიდის სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს, ფეროშენადნობებს, მსუბუქ ავტომობილებს, ნატურალურ ღვინოს, სამკურნალო საშუალებებს, მინერალურ წყლებს, დამუშავებულ ან ნახევრადდამუშავებულ ოქროს, თხილს და სხვ.
ამავე დროს, 2019 წლის იანვარ–აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იმპორტი 3,1%–ით შემცირდა და 2,7 მლრდ დოლარი შეადგინა.
ქვეყანაში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის გაზი და აირადი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
2019 წლის იანვარ–აპრილში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა დაახლოებით 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 41,3%–ია.
2019 წლის დასაწყისიდან საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი – აღნიშნულ პერიოდში ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ 1,3 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 34,6%–ია.