თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ფოკას მამათა მონასტერში წირვას ესწრებიან, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
დღეს საქართველო ნინოობას ზეიმობს - ამ დღეს წმინდა ნინო ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში შემოვიდა. ნინოობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება იმ ადგილზე, საიდანაც გადმოცემის მიხედვით, წმინდა ნინო საქართველოში შემოვიდა.
დილიდან ფარავნის ტბასთან სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს. საზეიმო წირვას რამდენიმე ეპარქიის მეუფე სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს.
სინოდის გადაწყვეტილებით წელს მრევლი საიუბილეო თარიღს, წმინდა ნინოს შემოსვლიდან 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს. მსვლელობა ფარავნის ტბიდან წირვის დასრულების შემდეგ დაიწყება. მსვლელობაში მომლოცველებთან ერთად მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.
წმინდა ნინოს გზას წელს განსაკუთრებით ბევრი მომლოცველი გაივლის. მსვლელობაში მონაწილეობას ყველა ეპარქიის მრველი და სასულიერო პირები მიიღებენ. მთელი დღის განმავლობაში მომლოცველებთან ერთად გაივლის მარშრუტს სალომე ზურაბიშვილიც.
წმინდა ნინოს მსვლელობა წელს ოცდამეათედ გაიმართება და 13 ივლისს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მცხეთაში დასრულდება, სადაც მონაწილეებს პატრიარქი დალოცავს და სიგელებს გადასცემს.