თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს „ტოტენჰემი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდებიან, ძალიან საინტერესო იქნება, განაცხადა „პირველი არხის“ ეთერში თბილისის მერმა, იტალიური „მილანის“ ყოფილმა მოთამაშემ კახა კალაძემ.
უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი: რომელ გუნდზე დადებს ფსონს მამუკა ბახტაძე >>
2018/2019 სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდება ორი ინგლისური გუნდი - „ტოტენჰემ ჰოტსპური“ და „ლივერპული“ – 1 ივნისს მადრიდში „ვანდა მეტროპოლიტანოს“ სტადიონზე თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
„ვისაც მე ვგულშემატკივრობდი, ის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალში ვერ მოხვდა. ჩვენ ისეთი მოულოდნელი ნახევარფინალები ვიხილეთ, დღევანდელი ფინალის შედეგის პროგნოზირება რთულია. სწორედ ამით არის ფეხბურთი საინტერესო და ყველაზე მაგარი სპორტის სახეობა, რომ წინასწარ შეუძლებელია განსაზღვრო და ანალიზი გააკეთო, თუ ვინ მოიგებს. შესაბამისად, ფინალი ძალიან საინტერესო იქნება და მიმაჩნია, რომ გულშემატკივარი კარგ, სანახაობრივ ფეხბურთს იხილავს“, – განაცხადა კალაძემ.
„ტოტენჰემმა“ „აიაქსს“ ანგარიშით 3:2 მოუგო და ფინალში გასვლა შეძლო.
თავის მხრივ, „ლივერპულმა“ პირველ მატჩში „ბარსელონა“ ანგარიშით 3:0 გაანადგურა, ხოლო საპასუხო მატჩში „ლივერპული“ ოთხი გატანილი გოლით (4:0) ფინალში გავიდა.
კალაძე იტალიის კლუბ „მილანის“ მოთამაშე 2001-2010 წლებში იყო. „მილანთან“ ერთად ერთხელ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული გახდა, თითოჯერ გახდა უეფას სუპერთასის და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული.