თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც წყვილებში ასპარეზობდა, „დიდი სლემის" მეორე ტურნირის – „როლან გაროსის" მეორე წრეში გადავიდა. ტურნირი ამ დღეებში პარიზში ტარდება.
შვედ რებეკა პეტერსონთან ერთად წყვილში კალაშნიკოვამ ფრანგული წყვილი – ობან დროგე/სელენა იანიკიჟევიჩი ორ სეტში - 6:2, 6:2 დაამარცხა. მატჩი 1 საათი და 12 წუთი გრძელდებოდა.
ტურნირის შემდეგ რაუნდში გადასასვლელად ქართულ-შვედური დუეტი ტურნირის მეექვსე ნომრად განთესილ წყვილს – ელიზ მარტენსი (ბელგია,WTA-ს რეიტინგში მე-20 ნომერი)/არინა საბალენკო (ბელარუსი, 11) შეხვდება.
„როლან გაროსი" – „დიდი სლემის" სერიის სეზონის მეორე ტურნირია. საფრანგეთის ღია ჩემპიონატის საერთო საპრიზო ფონდი 20 მილიონ ევროს აღემატება.