ბახტაძე საპენსიო რეფორმაზე: „ახალი ველოსიპედი" თუ სხვა ქვეყნების გამოცდილება

© photo : Government of Georgia / FBმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზადაა იმსჯელოს საკითხზე, თუ სად წავა დანაზოგი.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საპენსიო რეფორმა ერთადერთი სწორი გზაა, რათა მოსახლეობა ღირსეული პენსიით იყოს უზრუნველყოფილი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ინტერპელაციის ახალი მეთოდით მიმდინარეობს – როდესაც მთავრობის მეთაური, მინისტრი ან აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი ვალდებულია მივიდეს პარლამენტში და უპასუხოს არანაკლებ შვიდკაციანი დეპუტატების ჯგუფის კითხვებს.

„ჩვენ გვსურს შევქმნათ ღირსეული საპენსიო სისტემა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ ახალი ველოსიპედი არ გამოგვიგონია, ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომ მოქალაქეები უზრუნველყოფილი იყვნენ ღირსეული პენსიით", – განაცხადა ბახტაძემ.

მისი სიტყვებით, მოსახლეობას, ინფლაციის მიუხედავად, გაუჩნდა შანსი – მიიღოს ღირსეული პენსია.

რამდენმა ადამიანმა დატოვა დაგროვებითი პენსიის სისტემა>>>

„ყველა ფაქტორის, მათ შორის, ინფლაციის გათვალისწინებით, მარტო ამ კომპონენტით, საბაზისო პენსიის არგათვალისწინებით, 25 წლის ახალგაზრდა პენსიაზე გასვლის შემდეგ დღევანდელი მსყიდველუნარიანობით 2,3 ათას ლარს მიიღებს თვეში. დიახ, ეს ღირსეული პენსიაა", – განაცხადა ბახტაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ყოფილ მმართველ პარტიას 15 წლის წინ რომ ეზრუნა ამ საკითხზე, საქართველოში უკვე არ იქნებოდა ისეთი მწვავე პრობლემები, როგორიც დღეს არის.

პენსიონერი ბაზარში - Sputnik საქართველო
უზრუნველი სიბერე თუ უალტერნატივო ძარცვა - რას მოიტანს საპენსიო რეფორმა

„საპენსიო ფონდთან კითხვები არ არის. ეს ის გზაა, რომელიც ყველა ქვეყანამ გაიარა – ავსტრალიამ, ავსტრიამ, ფინეთმა, დანიამ, კანადამ, იაპონიამ – ყველა ქვეყანამ წარმატებული ეკონომიკით", – აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭო იმ ადამიანებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ამ საკითხში გარკვეული არიან, მთავრობა კი მზადაა იმსჯელოს საკითხზე, თუ სად წავა დანაზოგი.

დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიური ანაზღაურების 6% ირიცხება – 2%-ს მოქალაქე თავად იხდის, 2%-ს – მისი დამქირავებელი და 2%-ს – სახელმწიფო. 24 ათას ლარზე მეტი წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში (60 ათას ლარამდე) სახელმწიფო საპენსიო ფონდში მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. 60 ათასის ზემოთ სახელმწიფო ამ სქემაში აღარ მონაწილეობს.

22 აპრილის მონაცემების თანახმად, საპენსიო სისტემაში სულ 747,8 ათასი ადამიანია ჩართული. ამ ეტაპზე საპენსიო სქემაში ჩართულია 49,5 ათასზე მეტი კერძო კომპანია.

1 აპრილიდან საპენსიო სისტემიდან გასვლა შეუძლიათ ადამიანებს, რომელთაც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი. მსურველებმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ საპენსიო სააგენტოს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებს.

დღეისათვის საპენსიო ფონდში აკუმულირებულ თანხაზე დარიცხული მოგება შეადგენს 784,3 ათას ლარზე მეტს. საპენსიო შენატანები და მოგება ერთად შეადგენს დაახლოებით 174,5 მლნ ლარს.

ყველა ახალი ამბავი
0