თბილისი, 30 მაისი - Sputnik. კონცერტები, სპორტული და სამხატვრო კონკურსები, გამოფენები, თეატრალური დადგმები, კულინარიული ფესტივალები - მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა ელოდება თბილისში ბავშვებსა და მათ მშობლებს ბავშვთა დაცვის დღეს, რომელიც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 1 ივნისს აღინიშნება.

პროგრამა:
თანამედროვე ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება
სად: კინოს სახლი (ძმ. კაკაბაძეების ქ. 2)
როდის: 13:30 სთ.
დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:
კინოს სახლში გაიმართება თანამედროვე ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება. პროგრამაშია ფილმები „ჯიბის კაცი“ (რეჟ. - ანა ჩუბინიძე), „ჯინო“ (რეჟ. დათო კიკნაველიძე), „ფრანი“ (რეჟ. ლადო სულაქველიძე), „მეთევზე და გოგონა“ (რეჟ. მამუკა ტყეშელაშვილი), „პომიდორი“ (რეჟ. პეტრე თომაძე). შესვლა თავისუფალია.

ქუჩის ნახატების ფესტივალი
სად: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა (რუსთაველის გამზირი, 11)
როდის: 15:00 სთ.
დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:
ეროვნული გალერეა უმასპინძლებს ქუჩის ნახატების ფესტივალს: ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, დახატონ დიდ პანოებზე, რომლებითაც მათ ორგანიზატორები მოამარაგებენ. მათთვის შთაგონების წყარო იქნება გალერეაში გამოფენილი ტილოები.

ვაკის პარკი
სად: ვაკის პარკი (ჭავჭავაძის 76)
როდის: 12:00 - 18:00 სთ.
დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:
ვაკის პარკის სტუმრებს ელის კონცერტი, გასართობი კონკურსები, საპნის ბუშტების შოუ, ქიმიური ლაბორატორია, კონტაქტური ზოოპარკი, თოჯინების თეატრი, ილუზიონისტების შოუ, სამაგიდო ფეხბურთი, ლაბირინთი და მრავალი სხვა გასართობი.
მუშთაიდის პარკი
სად: მუშთაიდის პარკი (აღმაშენებლის 182)
როდის: 17:00 - 19:00
დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:
მუშთაიდის პარკში დაგეგმილია საბავშვო ნახატების გამოფენა. იქვე ბავშვები შეძლებენ, პუფებზე მოკალათდნენ და დახატონ. ქაღალდი და ფანქარი პარკში დახვდებათ.

მთაწმინდის პარკი
სად: მთაწმინდის პარკი
როდის: 11:00 - 18:00 სთ.
დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:
მთაწმინდის პარკში ბავშვებს ელოდებიან კლოუნები, მიმები, ზღაპრის გმირები, საბავშვო ანსამბლები, პრიზების გათამაშება და მრავალი სხვა.
ზოოპარკი
სად: თბილისის ზოოპარკი (კოსტავას ქ. 64)
როდის: 11:30 – 19:00
დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:
ბავშვთა დაცვის დღეს მხიარულად აღნიშნავენ დედაქალაქის ზოოპარკში. ზეიმის სტუმრებს ელით კონკურსები მეკობრეობის თემაზე, განძის ძებნა, თევზაობა, ჯირითი, ლასოს სროლა, ორჩოფეხებზე სიარული და მანქანებით რბოლა.

„ისთ-ფოინთი“
სად: სავაჭრო ცენტრი „ისთ-ფოინთი“ (თვალჭრელიძის ქ. 2)
როდის: 11:30 – 19:00
დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:
ბევრ საინტერესოს ნახავენ ბავშვები სავაჭრო-გასართობ ცენტრ „ისთ-ფოინთში“. ცენტრის ტერიტორია 5 „სამეფოდ“ დაიყოფა, ყოველ მათგანში გასართობი წარმოდგენები გაიმართება. ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ კოსტიუმირებულ აღლუმში, ითამაშებენ კრიკეტს, უყურებენ საპნის ბუშტების შოუს, მიიღებენ საჩუქრებს - და ეს ყველაფერი საბავშვო სიმღერების ფონზე გაიმართება.

„თბილისი გალერი“
სად: „თბილისის გალერი“ (რუსთაველის 2)
როდის: 11:30 – 19:00
დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:
მრავალფეროვანი და მხიარული პროგრამა ელოდება ბავშვებს სავაჭრო-გასართობ ცენტრ „თბილისი გალერიში“, კოსმოსურ სივრცეში „რია რია“. გასართობ პროგრამაშია მფრინავი ფოტოსტენდი, დიჯეის გამოსვლა, თემატური დეკორაციები, კონკურსები კოსმოსურ თემაზე და მხიარული ორკესტრი.

„თბილისი მოლი“
სად: „თბილისი მოლი“ (აღმაშენებლის ხეივანი, მე-16 კმ)
როდის: 10:30 – 22:00
დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:
„თბილისი მოლში“ ყველაზე პატარა სტუმრებს სიურპრიზებს მოუმზადებენ. აქ იქნებიან მხიარული კლოუნები, თოჯინების თეატრი, სპორტული შეჯიბრები, ზღაპრის გმირები და სხვ.

„ქარვასლა“
სად: „ქარვასლა“ (დადიანის ქ. 7)
როდის: 17:00 – 18:00
დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:
1 ივნისს სავაჭრო და ბიზნესცენტრ „ქარვასლაშიც“ აღნიშნავენ. პროგრამაშია საცირკო წარმოდგენები, საპნის ბუშტების შოუ, ჟონგლიორების, ილუზიონისტების გამოსვლა და სხვ. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.