თბილისი, 29 მაისი — Sputnik. თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი „ძლიერი ეკონომიკა - ძლიერი ქალაქი" 31 მაისს გაიმართება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის გენგეგმა დამტკიცებულია>>>
რიგით მეთერთმეტე ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დონის ექსპერტები. ფორუმის მონაწილეები ურბანული განვითარების საკითხებში თანამედროვე ტენდენციებს განიხილავენ.
„ამ თემაზე სამსჯელოდ თბილისში გვინდა ჩავატაროთ საერთაშორისო ფორუმი, რომელზეც საუბარი იქნება ურბანულ სფეროში გამოწვევებზე, თუ რა გზებით იბრძოდნენ სხვადასხვა ქალაქებში მათ გადასაჭრელად და რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო", - განაცხადა კალაძემ.
მარტის შუა რიცხვებში თბილისის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც ქალაქის განვითარების ახალ კონცეფციას ითვალისწინებს.
გენგეგმის მიხედვით, თბილისი განვითარდება ოთხი ძირითადი კონცეფციით: „კომპაქტური ქალაქი", „მწვანე ქალაქი", „კარგად შეკავშირებული ქალაქი" და „მედეგი ქალაქი".
აღნიშნული კონცეფციის მონაცემები წარმოადგენს ისეთ პოლიტიკას, რომელიც, ერთის მხრივ, გარემოს დაცვას გულისხმობს, ხოლო მეორეს მხრივ - ქალაქის ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას უწყობს ხელს. ის ითვალისწინებს ტერიტორიის მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებას და წარმოადგენს საცხოვრებელი სექტორის, დასაქმებისა და დასვენების ბალანსის წინაპირობას.
ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს საბინაო ფონდის განვითარება. პრიორიტეტული გახდება არამარტო ქალაქის შიდა ტერიტორიების ათვისება, არამედ მათი ტევადობის გაზრდა განახლებისა და ხელახალი დაგეგმარების ხარჯზე.