საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტებს მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე წარადგენენ

გამოწერა
საქართველოს განათლების სამინისტრო ატარებს მასშტაბურ რეფორმას, რომელიც სხვა კომპონენტებთან ერთად სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასაც ითვალისწინებს

თბილისი, 29 მაისი - Sputnik. პირველ საპილოტე პროექტებს, რომლებსაც საქართველოს განათლების სისტემა რეფორმის ფარგლებში ახორციელებს, წარადგენენ აშშ-ში მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე, ასევე სილიკონის ველზე, სადაც არაერთი კომპანიისა და საერთაშორისო მაღალტექნოლოგიური კორპორაციის შტაბბინა მდებარეობს.

ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თბილისში გლობალური სტარტაპ-ფონდის გახსნაზე განაცხადა. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც აშშ-ში იქნება წარდგენილი, არის „მომავლის განათლება“.

„შემდეგ კვირას ჩვენთვის იწყება ახალი ეტაპი, რადგან დაგეგმილი გვაქვს პირველი პილოტირების ქართული პროექტებით წარვდგეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. გვაქვს დაგეგმილი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ამერიკის სილიკონის ველზე, ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან და, ვფიქრობთ, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საერთაშორისო მხარდაჭერით, შემოდგომაზე დავიწყოთ ყველაზე თანამედროვე, ყველაზე ტექნოლოგიური ცოდნისა და გამოცდილების დანერგვა ჩვენს სკოლებსა და უნივერსიტეტებში“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მამუკა ბახტაძე მზის პანელების დამამზადებელ ქარხანაში - Sputnik საქართველო
საქართველოში მზის პანელების ქარხანა აშენდა

ახალი ტექნოლოგიების დანერგვა საუკეთესო მაგალითი იქნება იმისა, თუ როგორ შეიძლება საქართველოში ახალგაზრდობის გადამზადება, მათთვის ტექნოლოგიების სფეროში თანამედროვე ცოდნის გადაცემა და საერთაშორისო და გლობალურ პროექტებში მათი დასაქმება, ფიქრობს მინისტრი.

„მოხარული ვართ, რომ ფუძნდება ფონდი, რომელიც იქნება საუკეთესო ნიმუში იმისა, როგორ შეიძლება ცოდნა იქცეს წარმატებულ პროექტად და საქართველოში დაბადებული პროექტი გახდეს აღიარებული“, - ხაზი გაუსვა ბატიაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმის დაწყების დღიდან ერთ-ერთ სკოლაში სპეციალისტები მუშაობდნენ განათლების სისტემის მომავლის ხედვაზე, რომელმაც მაღალი დონისა და მაღალი ხარისხის განათლება უნდა მოიტანოს. მუშაობა მიმდინარეობდა უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროგრამების გაუმჯობესებაზეც.

განათლების სამინისტროში დასრულდა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მუშაობის ერთი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს ახალი სასწავლო მეთოდის, კერძოდ, სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ინფორმაციის მიწოდების ხარისხის ამაღლებას.

გადამზადდება სამი ათასი IT-ინჟინერი, რაზეც სამი მილიონი დოლარი დაიხარჯება >>

გლობალური სტარტაპ-ფონდის გახსნას ესწრებოდა საერთაშორისო ექსპერტი ციფრული ტექნოლოგიების საკითხებში დევიდ ზერა, რომელმაც საქართველოს განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას შთამბეჭდავი უწოდა.

„ვფიქრობ, ჩვენს რეალობაში წარმოუდგენელია განათლება ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე. მეტად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროცესში ყველა თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვა და წარმატებით გამოყენება“, - განაცხადა ზერამ.

უცხოელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს მიდგომა ტექნოლოგიებისადმი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათზე მთელი მსოფლიოა დამოკიდებული. მათი თქმით, საჭიროა ბავშვების დაინტერესება ტექნოლოგიებით სამი-ოთხი წლის ასაკიდან.

„როდესაც ბავშვი მიხვდება, რომ ტექნოლოგიები სამყაროს, მედიცინას, ტრანსპორტს, მშენებლობას და, ზოგადად, ყველაფერს ცვლის - მას სურვილი გაუჩნდება. ეს შეცვლის მსოფლიოსაც და საქართველოსაც“, - განაცხადა ერთ-ერთი უცხოური დეველოპერული ცენტრის დამფუძნებელმა მენი ბენიშმა.

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა მოამზადეს რეფორმის ათი პაკეტი, რომლებიც ყველა მიმართულებას მოიცავს. რეფორმები ოთხი წელიწადი გაგრძელდება და მიზანმიმართული იქნება იმისკენ, რომ საქართველო საგანმანათლებლო ცენტრად გადაიქცეს და რეგიონში ლიდერის პოზიცია დაიმკვიდროს.

ყველა ახალი ამბავი
0