თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ქართული სამონასტრო კომპლექსის „დავით-გარეჯის" ტერიტორიაზე აქცია-მსვლელობა „დავით-გარეჯი საქართველოა" მიმდინარეობს, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.
აქციის მონაწილეებმა – მრევლმა, სასულიერო პირებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა წმინდა ადგილები მოილოცეს. მათ რამდენიმე კილომეტრი ფეხით გაიარეს რთული რელიეფის ადგილებში, რათა უდაბნოს მონასტერთან და ჩიჩხიტურის კოშკთან მიეღწიათ. ამ ადგილებს აზერბაიჯანული მხარე აკონტროლებს. გზაზე აქციის მონაწილეებმა აღმართეს ქართული დროშები, ხოლო ჩიჩხიტურის ირგვლივ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.
დავით-გარეჯის ტერიტორიაზე დილიდან მობილიზებული არიან ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და ადგილზე არსებულ ვითარებას მონიტორინგს ერთობლივად უწევენ.
„არანაირ პროვოკაციას არ ველოდებით. აქ ვართ, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ", – აღნიშნა სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ თეიმურაზ კუპატაძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გუშინ საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს მოუწოდა, იმგვარად გადაწყვიტონ საზღვრის დღემდე შეუთანხმებელი მონაკვეთების საკითხი, რომ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობები შენარჩუნდეს.
საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გახსნეს, მაგრამ ქვეყანაში აჟიოტაჟი ამასთან დაკავშირებით არ შეწყვეტილა. ამას ისიც დაემატა, რომ, მიუხედავად საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე ერთობლივი კომისიის მუშაობის აღდგენისა, აზერბაიჯანულმა მხარემ დავით-გარეჯისკენ მიმავალი გზის მშენებლობა გააგრძელა. ქართულმა მხარემ მოითხოვა შესაბამისი განმარტება და ასევე მოითხოვა, რომ საზღვრის სადავო მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალოს, სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული.
დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევარუდაბნოში მდებარეობს.
დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.
დავით-გარეჯის კომპლექსის ნაწილი, მათ შორის, უდაბნოს მონასტერი, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, მთის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე მდებარეობს.