ქართველი ჩოგბურთელი პარიზს სენსაციურად ტოვებს

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიროლან გაროსის კორტები
როლან გაროსის კორტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა სპორტსმენმა „როლან გაროსზე“ უკვე ხუთჯერ იასპარეზა და ტურნირს პირველსავე რაუნდში ოთხჯერ გამოეთიშა

თბილისი, 27 მაისი -  Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (მე-16 ნომერი АТР-ს რეიტინგში) პარიზში „დიდი სლემის“ სერიის ტურნირზე - „როლან გაროსზე“ ასპარეზობა დაასრულა.

მე-15 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა პირველივე წრეში საკმაოდ მოულოდნელად დაუთმო სამ სეტში არგენტინელ ხუან-იგნასიო ლონდეროს – 4:6, 1:6, 3:6. მოგებისთვის სამხრეთამერიკელს საათნახევარზე ნაკლები დრო დასჭირდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის ტურნირს პირველი წრის შემდეგ გამოეთიშა >>

ბასილაშვილის დამარცხების ძირითადი მიზეზია ჩვენი ჩოგბურთელის საკუთარ ჩაწოდებაზე წარუმატებელი თამაში - მოგებული ბურთების სულ 56%, როდესაც არგენტინელს 75% ჰქონდა. მეორე ჩაწოდების შემთხვევაში საქმე უარესად იყო: ქართველმა თავის აქტივში მოგებული ბურთების მხოლოდ 41% მიიწერა. ლონდერომ კი თავი გამოიჩინა და 76% მიიწერა - მეტი, ვიდრე ეს პირველ ჩაწოდებაზე იყო.

რაფაელ ნადალი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილმა ნადალს მხოლოდ ერთი გეიმი მოუგო

ბასილაშვილი ბევრ შეცდომას უშვებდა თამაშის დროსაც - 43 არაიძულებითი შეცდომა 14 აქტიურად მოგებული ბურთის დროს. ლონდეროს ანალოგიურმა მაჩვენებელმა 25-28 შეადგინა. საბოლოო ჯამში არგენტინელმა ექვსი ბრეიკ-პოინტი მოიგო და მეორე წრეში გადააბიჯა, სადაც მისი მეტოქე მიშა ზვერევ (გერმანია) - რიშარ გასკეს (საფრანგეთი) წყვილის გამარჯვებული გახდება.

პირველსავე წრეში დამარცხების მიუხედავად,  ბასილაშვილმა 10 სარეიტინგო ქულა და 46 ათასი ევრო გამოიმუშავა. უნდა ითქვას, რომ ქართველი ჩოგბურთელისთვის წლევანდელი „როლან გაროსი“ კარიერაში მეხუთეა და ბასილაშვილი პარიზის ტურნირს პირველსავე რაუნდში ოთხჯერ გამოეთიშა.

ბასილაშვილისათვის „როლან გაროსზე“ საუკეთესო მიღწევაა - 2017 წელს ტურნირის მესამე წრეში გასვლა, სადაც ბასილაშვილი ესპანელ რაფაელ ნადალს შეხვდა და სამ სეტში დამარცხდა - 0:6, 1:6, 0:6.

ქართველი ჩოგბურთელი ლიონის ტურნირის ფინალში ვერ გავიდა >>

„როლან გაროსი“ – „დიდი სლემის“ სერიის სეზონის მეორე ტურნირია. საფრანგეთის ღია ჩემპიონატის საერთო საპრიზო ფონდი 20 მილიონ ევროს აღემატება, ხოლო მოქმედი გამარჯვებული და გამარჯვებების რაოდენობით რეკორდსმენი (11 ტიტული) ესპანელი რაფაელ ნადალია.

ყველა ახალი ამბავი
0