სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი ბათუმის საკრებულოში თანამდებობას ტოვებს

გამოწერა
ომარ მახარაძის განცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ლექტორი ომარ მახარაძე ბათუმის საკრებულოში იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ რიგებს ტოვებს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

რამდენიმე  დღის წინ 19 წლის სტუდენტმა ლექტორი სექსუალური ხასიათის მიმოწერასა და შევიწროებაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, ლექტორი სოციალურ ქსელში გოგონას სწერდა და „თამამი სელფების" გაგზავნაზე მის დაყოლიებას ცდილობდა. სტუდენტის თქმით, მას აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ფოტომასალა და მიმოწერა აქვს. სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ პროფესორს სტუდენტებთან ურთიერთობა დროებით აუკრძალეს.

Студенты на открытой лекции - Sputnik საქართველო
„თამამი სელფი გამომიგზავნე": ბათუმში სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

თანამდებობის დატოვების მოთხოვნით ომარ მახარაძემ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს სულიკო თებიძეს დღეს მიმართა.

„იმისათვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და არავინ იფიქროს, რომ ჩემი მხრიდან ადგილი ექნება რაიმე სახით არამართლზომიერი ჩარევის მცდელობას, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საკრებულოში დაკავებული თანამდებობა და ფრაქციის რიგები სიმართლის დადგენამდე“, - განაცხადა მახარაძემ.

მოქმედი კანონმდებლობის და ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ომარ მახარაძის განცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს.

თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით დაიწყო, რა იძულებას გულისხმობს, თუმცა მოგვიანებით მუხლი შეიცვალა. სამართალდამცველები ამ ეტაპზე საკითხს, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების მუხლით იძიებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0