თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოსა და ჩინეთს შორის მზარდი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ის შეხვედრის მთავარი თემა.
ახალი შესაძლებლობები - რა საკითხები განიხილეს დავით ზალკალიანმა და ვან იმ>>>
ეს ჩინეთის საგარეო უწყების მეთაურის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. უცხოელმა სტუმარმა უკვე გამართა შეხვედრა ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან. ამასთან, პარასკევს ვან ი ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართავს შეხვედრას.
საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს და საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას.
„საქართველო ამაყობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით ჩინეთთან, რომელიც მსოფლიოს უსწრაფესად მზარდ ეკონომიკას წარმოადგენს... ქართული მხარე მოწოდებულია, ახალ ეტაპზე გადაიყვანოს და კიდევ უფრო გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს გლობალურ ინიციატივაზე „ერთი სარტყელი - ერთი გზა" და ამ პროექტში საქართველოს უფრო მეტ ჩართულობაზე.
თავის მხრივ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მისწრაფებას, გახდეს სატრანსპორტო-სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრი ევროპასა და აზიას შორის.
ვან იმ მამუკა ბახტაძეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ლი კეციანისგან მოკითხვა გადასცა და აღნიშნა, რომ მისთვის საქართველოში სტუმრობა განსაკუთრებული პატივია.
ვან ის შეფასებით, საქართველო სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა მისასალმებელია.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ქვეყნების ურთიერთობა სწრაფად ვითარდება. საქართველომ და ჩინეთმა 2018 წელს ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
ამასთან, ჩინეთი საქართველოში რიგ პროექტებს ახორციელებს, მათ შორისაა ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის აშენება. საქართველოში მშენებლობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და გზების სფეროებში დაახლოებით 25 ჩინური კომპანია მუშაობს.
2018 წელს ქვეყნებს შორის საგარეო ბრუნვამ 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. მთლიანობაში ქვეყნებს შორის საერთო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 12,5 მლრდ დოლარი (+17%) შეადგინა.