მწარე რეალობაა - საბჭოთა პერიოდის დროინდელმა არქიტექტურამ თბილისს თავისი მახინჯი კვალი დაატყო. ერთნაირი კორპუსებით სავსე მასივებმა ხელოვნურად გაზარდა ქალაქის საზღვრები, ინდივიდუალიზმი დაუკარგა მას და ლამის სული გამოაცალა...
ამაში დიდი როლი ითამაშა ე.წ. „ხრუშჩოვკებმა“, რომლებიც მაშინ მრავლად შენდებოდა. ეს სახელი კომპარტიის გენერალური მდივნის ნიკიტა ხრუშჩოვის „პატივსაცემად“ უწოდეს. თუმცა ობიექტურობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ ხალხისგან მისი მისამართით გამოთქმული ლანძღვა-გინება, წესით, ვიტალი ლაგუტენკოსაც უნდა გაეზიარებინა. რადგან სწორედ მას მოუვიდა თავში ასეთი დაბალჭერიანი და არაკომფორტული სახლების დაპროექტების იდეა.
თავიდან „ხრუშჩოვკები“ 50 წელზე იყო გათვლილი, მაგრამ შემდგომში კაპიტალური რემონტის ჩატარების შემთხვევაში მათი სასიცოცხლო რესურსი 150 წლით გახანგრძლივდა. ჩვენ დროში ისედაც უსახურ საცხოვრებელ კორპუსებს წინა და უკანა ფასადზე ოთახები მიუშენეს და ამით ამ სახლების და საბოლოოდ ქალაქის იერსახეც კიდევ უფრო დამახინჯდა... ჩვენს დროში ბევრჯერ დაისვა საკითხი, რომ ისინი დაენგრიათ და მათ ადგილზე ახალი არქიტექტურული საცხოვრებელი სახლები აგებულიყო, მაგრამ ეს იმდენად დიდ სახსრებს მოითხოვს, რომ ამაზე საუბარი მალევე შეწყდა. საჭირო იყო გონივრული და ოპტიმალური გამოსავლის მოძებნა, რაც მინიმალური ხარჯებით მოახერხებდა ამ პრობლემის მოგვარებას.
ყველაფერი გენიალური მარტივია - ასე მოხდა ახალგაზრდა არქიტექტორის მაკო მენაბდის შემთხვევაშიც. მისმა პროექტმა თბილისის მერიის მიერ შექმნილ პორტალზე „შენი იდეა ქალაქის მერს” ხმათა საკმარისი რაოდენობა დააგროვა – 2500 ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვა.
მაკო მენაბდის პროექტი ე.წ. „ხრუშჩოვკების” სახეცვლილებას გულისხმობს. უფრო ზუსტად, იმ ფასადების მოპირკეთებასა და გამწვანებას, რაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გამოდის. პროექტის არსი შემდეგშია: ფასადის დამუშავება პანელური სქემით მოხდება, რაც მინიმალურ დანახარჯს მოითხოვს და თანაც იქ მცხოვრებ ხალხს რეკონსტრუქციის დროს საცხოვრებელი სახლის დატოვება არ მოუწევს.
- მაკო, საინტერესო იდეაა, ელოდით ამხელა აჟიოტაჟს?
- სიმართლე გითხრათ, არა. ეს გახლავთ ჩემი სადისერტაციო ნაშრომი, რომელიც სოციალური ქსელების ჩემს პირად გვერდზე დავდე, რასაც ჩემდა გასაოცრად, დიდი გამოხმაურება მოყვა. ჩემდა გასაკვირად, ამ წინადადებაზე რატომღაც აწრიალდნენ. როგორც ჩანს, ჩემსავით ბევრი მიიჩნევს, რომ მშენებლობებით გადატვირთულ ქალაქში ერთადერთი სწორი და ეკონომიური გამოსავალი ამ შენობათა მოდერნიზირებაა. ტიპობრივი საცხოვრებელი სახლების მოდერნიზირების პროექტი ყოფილი საბჭოთა კავშირში შემავალმა ბევრმა ქვეყანამ განახორციელა. სწორედ უცხოურ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია თავისუფლად განვაცხადოთ, რომ ტიპობრივი საცხოვრებელი სახლების მოდერნიზირება ბევრად მომგებიანია ვიდრე მათი დემონტაჟი. ეს პროექტი სრულიად მორგებულია თბილისის კლიმატსა და არსებულ მდგომარეობას. შენობების ფასადის მოდერნიზირება მზისმჭრელებითა და თბოიზოლაციური პანელებით მოხდება, რაც კორპუსის მაცხოვრებლებისთვის თბოდანაკარგის შემცირებას გულისხმობს.
- რადგან თქვენი პროექტი საბჭოთა „ხრუშჩოვკების“ ფასადის გამწვანებას გულისხმობს კონსულტაციისთვის ფლორისტებს თუ დაუკავშირდით?
- რა თქმა უნდა, დავუკავშირდი ამ სფეროს სპეციალისტებს და მათი აზრიც გავითვალისწინე. ამ იდეის განხორციელების შემდეგ, იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება და თბილისმა შეიძლება ცოტათი მაინც ამოისუნთქოს. თანაც, ძველი უსახური შენობები გარეგნულადაც მიმზიდველი გახდება.
- რა სტადიაშია პროექტი, თუ დაიძრა საქმე?
- ჯერ მხოლოდ ის ვიცით, რომ პროექტი განხილვის პროცესშია, არავინ დამკავშირებია. თუმცა არაფორმალურად და გადმოცემით ვიცი, რომ მათგან დაინტერესება და სურვილი რეალურად არსებობს.
- ჩვენში ყოველგვარ სიახლეს მოსახლეობა რატომღაც სკეპტიკურად ხვდება ხოლმე...
- ჩემს შემთხვევაში ასე არ მომხდარა. რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, ამ პროექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არავის გასჩენია. არის მხოლოდ კითხვები, რომლებსაც შეძლებისდაგვარად დასაბუთებულად ვპასუხობ. იმედი მაქვს, რომ ამ პროექტს მალე მიეცემა მსვლელობა, რაც ქალაქის იერსახესაც და მის ეკოლოგიასაც ერთნაირად სასიკეთოდ დაეტყობა.
- დღევანდელ თბილისში რა მოგწონთ - რა უხდება მას და რას ვერ იხდენს?
- თბილისი ძალიან მიმზიდველი და საინტერესო ქალაქია თავისი რელიეფითა და ბუნებით, თუმცა რადგან ის ფაქტობრივად ხეობას წარმოადგენს და რელიეფი საკმაოდ მგრძნობიარეა, არსებობს უამრავი ვიზუალური აღქმის წერტილი. შეუმჩნევლი არ რჩება ქალაქის განაშენიანებაში არც ერთი, თუნდაც მცირე ცვლილებაც კი. ყოველი ახალი შენობის გაჩენა, თუ მისი მოცულობითი მასშტაბი აღემატება კონკრეტული არეალისათვის დადგენილ ნორმას, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს არამარტო ლოკალურ ურბანულ სივრცეს, არამეს მთელი თბილისის იერ-სახეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ აუცილებელია ტიპობრივი საცხოვრებელი სახლები თავისი მოცულობით შევინარჩუნოთ და მათი მოდერნიზება მოვახდინოთ.