თბილისი, 24 მაისი — Sputnik. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ჭიათურა დღეს: ასობით გაფიცული მაღაროელი, კარვები და „სამართლიანი მოთხოვნები" >>
გაფიცვა 15 მაისს 150-ზე მეტმა მაღაროელმა გამოაცხადა. მუშების ერთმა ნაწილმა ქალაქის ცენტრში კარვები გაშალა და შიმშილობა დაიწყო. ზოგიერთმა მათგანმა კი პირი ამოიკერა. გაფიცულები ხელფასების 50%-ით მომატებას, შრომის პირობების გაუმჯობესებას, უკეთეს სამედიცინო დაზღვევასა და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრას ითხოვენ. მოთხოვნებს შორისაა ასევე მათ მიერ გაცდენილი დღეების ანაზღაურება და გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა.
„12 საათიანი რეჟიმი, 2 კვირის განმავლობაში ვფიქრობ ეწინააღმდეგება შრომის კოდექსს. მათ უწევთ ძალიან მძიმე ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში მუშაობა. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დავინტერესდები შრომის უსაფრთხოების საკითხებით. მოვისმინე, რომ კვების უზრუნველყოფა სავალალო მდგომარეობაშია, თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს კომპანია და ეს საკითხი იქნება შესწავლილი ჩვენს მიერ", - განაცხადა ლომჯარიამ მაღაროელებთან შეხვედრის შემდეგ.
მოგვიანებით ჭიათურის ცენტრში აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს და სატვირთო მანქანას გადაადგილება შეუზღუდეს. გაფიცულმა მაღაროელებმა მანქანა იქამდე არ გაატარეს, ვიდრე არ დარწმუნდნენ, რომ სატრანსპორტო საშუალება დატვირთული იყო არა მარგანეცით, არამედ სილით.
გაფიცულების თქმით, მძიმეწონიან მანქანებს ქალაქში გადაადგილების და ხიდზე გადასვლის უფლებას იმიტომ არ აძლევენ, რომ ხიდი დაზიანებულია.
„ჯორჯიან მანგანეზის“ მონაცემებით, პროფკავშირებთან კოლექტიური შეთანხმების საფუძველზე დასაქმებულებს 2018 წელს ანაზღაურება 10%-ით მოუმატეს. სანაცვლოდ მეშახტეებმა პირობა დადეს, რომ სამი წლის განმავლობაში არ გაიფიცებოდნენ იმ საკითხებზე, რომლებსაც აღნიშნული შეთანხმება არეგულირებს. მაგრამ კომპანიაში დასაქმებულებმა, ხელმძღვანელობის თქმით, ეს პირობა დაარღვიეს.
ამჟამად ჭიათურაში გაფიცვის გამო ცხრიდან ხუთი შახტი არ მუშაობს, აღნიშნა ქიმიური და სამთო-მეტალურგიული მრეწველობის პროფკავშირების თავმჯდომარე პაატა სამხარაძემ.
„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მანგანუმის მადნის მომპოვებელი მაღაროს ოპერატორია. ის „ჯორჯიან ემერიქენ ელოის“ (Georgian American Alloys) ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის. „ჯორჯიან მანგანეზის“ გარდა, ჰოლდიგნი აერთიანებს ვარციხის ჰიდროელექტროსადგურსა და კლინიკა „ფერომედს“. კომპანიის სათავო ოფისი მაიამიში მდებარეობს.
ჭიათურაში მანგანუმის მადანს 1879 წლიდან მოიპოვებენ.
მანგანუმის მადნისა და მანგანუმის ოქსიდებისა და დიოქსიდების ექსპორტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ექსპორტში. მანგანუმის მადნისა და კონცენტრატის ექსპორტმა 2019 წლის იანვარ-მარტში 1,8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც სამჯერ აღემატება 2018 წლის იმავე პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.