ბათუმში თბილისელი და სანქტ-პეტერბურგელი მხატვრების გამოფენა გაიხსნება

გამოწერა
გამოფენაზე წარმოდგენილი მხატვრების უმრავლესობა ფიგურატიულ მხატვრობას მისდევს.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ცნობილი თბილისელი და სანქტ-პეტერბურგელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა სახელწოდებით „ბათუმი & Батуми" ბათუმის Contemporary Art Space-ში მიმდინარე წლის 8 ივნისს გაიხსნება.

გამოფენის ორგანიზატორის, ბათუმისადმი მიძღვნილი ექსპოზიციის მონაწილისა და კურატორის, მხატვარ ალექსანდრ ფლორენსკის განცხადებით, ის სანქტ-პეტერბურგსა და თბილისს შორის ცხოვრობს და ხშირად იმყოფება ბათუმში, სადაც მე-19 საუკუნის ბოლოს მისი დიდი ბაბუის ოჯახი ცხოვრობდა. ის ბათუმი–ახალციხის გზის მშენებლობას ხელმძღვანელობდა.

„ბათუმისა და მისი შემოგარენის (ქობულეთი, კვარიათი) თემა დიდი ხანია აღმოცენდა ისეთი მხატვრების შემოქმედებაში, როგორებიც არიან მამუკა ცეცხლაძე, მიხეილ შენგელია ან ვახო ბუღაძე. ამას გარდა, ბოლო დროს რამდენჯერმე გავუწიე ორგანიზება ჩემი მეგობრების, თბილისელი მხატვრების (თუთუ კილაძე, თინათინ ჩხიკვიშვილი, რუსო გიგაშვილი), ასევე გამოფენაზე წარმოდგენილი პეტერბურგელი ავტორების შემოქმედებით გასვლას ბათუმში", – განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ფლორენსკიმ.

გამოფენის სტუმრები ასევე იხილავენ რუსი მხატვრების ტატიანა სერგეევას, ელენა ანდრეევას, მაშა ივანოვას, ირინა როონის, ალექსანდრ ფლორენსკის ოჯახის წევრების – მეუღლისა და ქალიშვილის, ასევე მხატვრების ოლგა და კატია ფლორენსკების ნამუშევრებს.

„საინტერესოდ ჩავთვალე ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრისთვის ჩემი საყვარელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც ბათუმის თემატიკით იქნება გაერთიანებული. გამოფენაზე წარმოდგენილი მხატვრების უმრავლესობა ფიგურატიული ფერწერითაა დაკავებული, მაგრამ არის გამონაკლისიც – აბსტრაქციონისტი უშანგი ხუმარაშვილი, რომელთან ერთადაც პირველად ვეწვიე ბათუმს ათი წლის წინ, 2009 წელს", – აღნიშნა მხატვარმა.

გამოფენა „ბათუმი & Батуми", რომელიც გაიმართება მისამართზე ზვიად გამსახურდიას №1/5, 20 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0