თბილისი, 21 მაისი - Sputnik. 2019 წლის პირველი ივლისიდან საქართველოში გლობალურ ინტერნეტზე ზედა ზღვრული ტარიფი დაწესდება - 1 მბ/წმ ფასი 32 ლარიდან 9 ლარამდე შემცირდება, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.
„კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაასრულა და მომხმარებლების ინტერესების დაცვისა და ბაზრის განვითარების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარს ეხება. საბითუმო მომსახურებაზე კომისიამ გლობალური ინტერნეტის ფასი რადიკალურად შეამცირა და ზედა ზღვრული ტარიფი დაადგინა.
კვლევის შედეგად კომისიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება და ხმოვან საცალო მომსახურებაზე არსებული ზედა ზღვრული 24-თეთრიანი ტარიფი გააუქმა.
ამავე გადაწყვეტილებით, 2019 წლის პირველი აგვისტოდან მცირე და საშუალო ოპერატორებს საშუალება ექნებათ, ერთ მბ/წმ-ზე 50 თეთრად ჰქონდეთ წვდომა ამავე კომპანიების ქსელში განთავსებულ YouTube-ის, Google-ის და სხვა საერთაშორისო ვებგვერდების ქეშირებულ კონტენტზე.
„ამავე ტარიფით კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ პატარა ოპერატორების მათ ქსელში და მათთვის ხელმისაწვდომ სხვა ოპერატორის ქსელში განთავსებულ ადგილობრივი ინტერნეტის რესურსებთან დაშვება“, - მითითებულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციაში.