თბილისი, 21 მაისი — Sputnik. გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული იაგო ნებიერიძის დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სიტყვით 27 მაისს წარდგება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა.
8 წლის გოგონას მკვლელობა გორში: ბრალდებული პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირია >>
სკოლის მოსწავლე ნანა ბერიაშვილი, რომელსაც ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, 2018 წლის 25 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით დაკავებული იაგო ნებიერიძე მოკლული ბავშვის საცხოვრებელი სახლის პარალელურ ქუჩაზე მდებარე სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.
„დღეს პროკურორი წარდგა დასკვნითი სიტყვით და 27 რიცხვში დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე იტყვის. ასევე ბოლო სიტყვის უფლება ბრალდებულსაც აქვს. მას აქვს სურვილი ილაპარაკოს. როდის გამოცხადდება განაჩენი, ჯერჯერობით უცნობია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენი დრო დასჭირდება მოსამართლეს“, - განაცხადა პაპოშვილმა.
პროკურორ ნანა გუგუტიშვილის თქმით, გამოძიებამ სასამართლოზე წარმოადგინა მოწმეთა ჩვენებები, ნივთმტკიცებები და ექსპერტიზის დასკვნები.
„ჩვენ სასამართლოს ვაჩვენეთ მტკიცებულებები და ის, თუ რა დასტურდება. გვაქვს იმედი, რომ სასამართლო გაითვალისწინებს და გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა. არაერთი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომელიც აშკარა, დამაჯერებელი და ურთიერთშეთანხმებულია", - განაცხადა გუგუტიშვილმა.
გოგონას ცხედარი იპოვეს ბაზართან ახლოს, მისი სახლიდან 50 მეტრში. როგორც მისი ბაბუა აცხადებს, ბავშვს ფეხები, სავარაუდოდ, ლითონის მავთულით ჰქონდა შეკრული, ხოლო თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა ჩამოცმული.
თავდაპირველად ნებიერიძეს „განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა“ ედებოდა ბრალად, შემდეგ კი კიდევ ერთი მუხლი დაემატა - „გარყვნილი ქმედება“. მას უვადო პატიმრობა ემუქრება.