თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს ალპინიზმის ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ ცინცაძემ ალპინისტების საერთაშორისო ჯგუფთან ერთად დედამიწის ყველაზე მაღალი მწვერვალი – ევერესტი დაიპყრო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
მწვერვალზე ასვლა ნეპალის მხრიდან 2 აპრილს დაიწყო და 16 მაისს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ექსპედიციასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ცინცაძემ თავად გასწია.
ცინცაძე მეთერთმეტე ქართველი მთამსვლელია, რომელმაც დედამიწის უმაღლესი მწვერვალი დაიპყრო.
ჯომოლუნგმა, იგივე ევერესტი ზღვის დონიდან 8 848 მეტრ სიმაღლეზეა. მწვერვალი პირველად 1953 წელს ედმუნდ ჰილარიმ და თენცინგ ნორგეიმ დაიპყრეს.