ნესტან ჯინჭარაძე 20 წლის ასაკში დაოჯახდა. მერე იყო შვილის 10-წლიანი მოლოდინი - დარდით და ტკივილით აღსავსე. ათი წლის თავზე კი მოხდა სასწაული – ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ოჯახში სამი ტყუპი გაჩნდა. დანარჩენს ნესტანი თავად მოგითხრობთ.
- 17 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მეუღლე გავიცანი, 20 წლისა დავოჯახდი. ამ დროის მანძილზე გვქონდა მიმოწერა. მე ქობულეთში ვიყავი, ჩემი მეუღლე თბილისში. ხშირად ვერ ახერხებდა ჩამოსვლას სამსახურის გამო, თუმცა ამას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია. ერთ მშვენიერ დღეს ჩამომაკითხა და უცბად გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა.
- როგორც ვიცი, 10 წელი ელოდებოდით შვილს. როგორი იყო მოლოდინით აღსავსე ეს 10 წელი?
- საკმაოდ რთული, სევდით და დარდით აღსავსე. გათხოვებიდან სამი თვის შემდეგ დავრჩი ფეხმძიმედ და დავკარგე ნაყოფი. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ მიგვემართა ექიმისთვის, თუმცა ისევ ისე განმეორდა... 8 შეწყვეტილი ორსულობა მქონდა. 10 წლის მანძილზე ძალიან ბევრი ექიმი გამოვიცვალეთ, მაგრამ შედეგი არ იყო.
- თუმცა დადგა თქვენ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი დღე და გაიგეთ, რომ დედა გახდებოდით. რა განიცადეთ, როცა ამის შესახებ შეიტყვეთ?
- ერთი მშვენიერი დღე გათენდა და გადავწყვიტეთ, რომ ეს იქნებოდა ბოლო ცდა, თუ არა, უკვე უნდა გვეფიქრა შვილის აყვანაზე. თუმცა ამის იმედიც დიდად არ მქონდა... დავიწყეთ მკურნალობა. დიდი დრო არ დაგვჭირვებია. არაჩვეულებრივი ექიმი გვყავდა, თათია ტუღუში. ერთ დღესაც ვიგებ, რომ ფეხმძიმედ ვარ. უცნაურად ვიგრძენი თავი. მეგონა უკვე დედა ვიყავი. მიჭირს სიტყვებით გადმოვცე ის გრძნობა, რაც მაშინ განვიცადე.
- მაშინვე გაიგეთ, რომ სამ ტყუპს ელოდებოდით?
- ექოსკოპიაზე დავინახეთ, რომ ორნი იყვნენ. გავგიჟდი სიხარულისგან. მადლობას ვუხდიდი უფალს ასეთი დიდი საჩუქრისთვის. ასე გაგრძელდა სამი თვე. კონსულტაციაზე მისულებს დიდი სიურპრიზი დაგვახვედრა ექიმმა. მას თავიდანვე სცოდნია, რომ სამი ნაყოფი იყო, თუმცა არ გვითხრა, რადგან მესამე გოგო სუსტი ყოფილა და ეგონა ვერ გაუძლებდა. მე რომ არ მენერვიულა, დაგვიმალა. ძალიან პრობლემური ორსული ვიყავი. შვიდ თვემდე ძალიან ბევრი ნერვიულობა გადავიტანეთ. თუმცა დადგა დღე ჩვენი დიდი სიხარულის გაზიარების.
შვიდი თვის ვიყავი, როცა ექიმმა გადაწყვიტა ისევ საავადმყოფოში დავწოლილიყავი, რადგან მდგომარეობა ნელ-ნელა იცვლებოდა. კონტროლის მიზნით გავიარეთ ექოსკოპია და სასწრაფოდ მომამზადეს საკეისროსთვის. იმ წუთიდან ჩემი თვალებიდან სიხარულის ცრემლები არ გაჩერებულა. დღემდე მეტირება, როცა ჩემ სამ სიცოცხლეს ვუყურებ.
- რა შეიცვალა თქვენ ცხოვრებაში ტყუპების დაბადების შემდეგ?
- ჩვენი ტყუპები 3 აპრილს დაიბადნენ. ამ დღის შემდეგ ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ჩვენ სიცოცხლეს აზრი გაუჩნდა და ყოველი დღე ახალი სიცოცხლის მომცემი გახდა.
- როგორ ზრდით სამ ბავშვს ერთად, რთული არ არის?
- რთული არ არის, რადგან არც ერთი ღამე არ გამითენებია ისეთი ჭკვიანი შვილები გვყავს. მათთან ძირითადად მარტო ვარ, როცა გვჭირდება, დედამთილი და მული მეხმარებიან.
- თქვენ უკვე გაიარეთ ის რთული 10 წელი, რასაც ბევრი ქალი ახლა გადის. რას ურჩევთ დედებს, ვინც პატარას მოლოდინშია?
- მინდა ყველა ქალმა გამოსცადოს ის გრძნობა, რასაც დედაშვილობა ჰქვია. ეს არის ენით აღუწერელი ემოცია. მე რომ ეს გრძნობა გამოვცადე, ჩვენი საყვარელი ექიმის დამსახურებაა.
და, ბოლოს, მინდა უშვილო წყვილებს ვუთხრა, იმედი არასდროს დაკარგოთ, რადგან განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გიყვარდეთ სხვისი შვილები და თქვენც მალე გაიხარებთ.