თბილისი, 21 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში 28 წლის მამაკაცი ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულმა თაქთაქიშვილის ქუჩასა და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილებიდან პირადი ნივთები, ფული და პლასტიკური ბარათები მოიპარა.
დამნაშავემ მოპარულ საბანკო ბარათებზე არსებული თანხა გაანაღდა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ნივთები.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით და 284-ე მუხლით, რაც ქურდობასა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს და ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას.