თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში 23 ათას ლარზე მეტი ღირებულების Massimo Dutti-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონელი გამოავლინეს, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, კონტროლის ღონისძიებები საქართველოში Massimo Dutti-ს წარმომადგენლის წერილობითი მომართვის საფუძველზე დაგეგმეს.
კერძოდ, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელდა ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა. საკონტროლო შესყიდვის დროს 11 ათასზე მეტი ლარის ღირებულების საქონელზე არ იქნა გამოყენებული საკონტროლო სალარო აპარატი და არ გამოიწერა ტრანსპორტირების სასაქონლო ზედნადები. შესაბამისად, მეწარმეს შეეფარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქცია.
„ამასთანავე, ინვენტარიზაციის პროცედურის დროს ობიექტში ფაქტობრივად აღირიცხა 23 640 ლარის ღირებულების საქონელი, რომელიც, საქართველოში Massimo Dutti-ს წარმომადგენლის დასკვნის საფუძველზე, აღმოჩნდა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული", – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, კონტრაფაქციული საქონელი სამოქალაქო ბრუნვიდან ამოიღეს, ხოლო საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.