ყურადღება! ხვალ პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშისაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში პირველკლასელთა რეგისტრაცია ოთხ ეტაპად მიმდინარეობს.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ხვალიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება, რომელიც 12 ივნისამდე (ჩათვლით) გასტანს.

მესამე ეტაპი საყოველთაო ონლაინ-რეგისტრაციაა, რომელიც 21 მაისს, 9:00 საათზე დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. დოკუმენტაცია მშობლებმა სკოლებში 13-21 ივნისის პერიოდში უნდა წარადგინონ. 

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.emis.ge. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციის წარმოდგენა დადგენილ ვადებში ვერ მოხდება, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

პირველკლასელები - Sputnik საქართველო
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს განათლების სამინისტრომ  2019-2020 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შეიტანა.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში პირველკლასელთა რეგისტრაცია ოთხ ეტაპად მიმდინარეობს.

საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, ქვეყნის საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაციის პირველი ეტაპი 25 მარტს დაიწყო და 5 აპრილამდე გაგრძელდა. იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება აქვთ, ბავშვები მომდევნო ეტაპებზე დაარეგისტრირონ.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2–17 მაისის პერიოდში ჩატარდა. ამ ეტაპზე დარეგისტრირდნენ ის ბავშვები, რომელთა და ან ძმა სწავლობს კონკრეტულ სკოლაში, ან რომელთა მშობლებიც სკოლის თანამშრომლები არიან. გარდა ამისა, მეორე ეტაპზე დარეგისტრირდნენ ბავშვები, რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. 

მეოთხე ეტაპზე გათავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია განხორციელდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ პირველ, მეორე და მესამე ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მეოთხე ეტაპი 25 ივნისს დაიწყება და 5 ივლისამდე გასტანს.

ამ მომენტისთვის პირველ-მეორე ეტაპებზე დარეგისტრირებულია 20 ათასამდე ბავშვი.

სულ საჯარო სკოლებში 2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა 73 500 ადგილია.

 

ყველა ახალი ამბავი
0