„მუმიტროლების“ გამომცემელი და სხვა ფინელი ლიტერატორები თბილისის წიგნის ფესტივალს ეწვევიან

© Sputnik / Levan Avlabreliწიგნების საერთაშორისო ფესტივალი Expo Georgia-ში
წიგნების საერთაშორისო ფესტივალი Expo Georgia-ში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინელი მწერლები და გამომცემლები ქართველ კოლეგებსა და მკითხველს შეხვდებიან

თბილისი, 20 მაისი - Sputnik. ფინეთი თბილისის XXI საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე, რომელიც „ექსპო ჯორჯიას“ (Expo Georgiа) საგამოფენო სივრცეში 30 მაისიდან 2 ივნისამდე გაიმართება, წარმოდგენილი იქნება, როგორც „ქვეყანა ფოკუსში“, იუწყებიან ორგანიზატორები.

„ქვეყანა ფოკუსში“ პროგრამას თბილისში წარადგენს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ლიტერატურული ორგანიზაცია - ფინური ლიტერატურის განვითარების ფონდი „ფილი“ (FILI-Finnish Literature Exchange).

საქართველოს დედაქალაქს ფინეთიდან ესტუმრებიან მწერალი და ისტორიკოსი ჰენრიკ მეინანდერი, მწერალი, დრამატურგი და მთარგმნელი როზა ლიკსომი, ასევე მწერალი და მხატვარი ლინდა ბუნდესტიმი. ფინელი ავტორები შეხვდებიან ქართველ კოლეგებს და მათთან ერთად დისკუსიებში მიიღებენ მონაწილეობას.

წიგნის ფესტივალი Expo Georgia-ში - Sputnik საქართველო
ესპანელი პოეტები და მწერლები თბილისში ქართველ მკითხველებს შეხვდებიან

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტუმარი ფინეთიდან იქნება ცნობილი ფინურ-შვედური გამომცემლობა Forlaget-ის ხელმძღვანელი ფრედერიკ რახკა. საქართველოში რახკა ცნობილია, როგორც პოპულარული შვედი ბავშვთა მწერლის, მხატვრისა და ილუსტრატორის, ტუვე იანსონის გამომცემელი. როგორც ცნობილია, იანსონმა მთელ მსოფლიოში სახელი გაითქვა მუმიტროლებზე შექმნილი წიგნებით. თბილისის წიგნის ფესტივალის ფარგლებში ფრედერიკ რახკა გამართავს შეხვედრებს, რომლებზეც ტუვე იანსონის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, „მუმიტროლების“ საყოველთაო წარმატებაზე ისაუბრებს.

საინტერესოა, რომ ღონისძიების ორგანიზატორები უკვე 2020 წლის ფესტივალზეც საუბრობენ და ამხელენ XXII სეზონის მთავარი სტუმრის ვინაობას - მომავალ წელს „ქვეყანა ფოკუსში“ თურქეთი იქნება. სწორედ მას გადასცემს ფინეთი საზეიმო ვითარებაში 2 ივნისს, ფესტივალის დახურვისას, ამ წოდებას. 2020 წელს თურქეთს თბილისის ფესტივალზე ნაციონალური წიგნის კომიტეტი წარმოადგენს.

კიდევ რა იქნება საინტერესო წიგნის ფესტივალზე?

„ექსპო ჯორჯიას“ მე-5 პავილიონში დამთვალიერებელს ელის ქართველი და ლიტველი ილუსტრატორების გამოფენა და წიგნის ექსპოზიცია „ნახატის ენა“. ავტორთა განცხადებით, გამოფენა თავისებური ასახვაა იმ ორი ენისა, რომლებიც წარმოდგენილია ილუსტრაციებით თანამედროვე საბავშვო წიგნებში. სულ გამოიფინება 32 ავტორის - 15 ლიტველი და 17 ქართველი მხატვრის - ასამდე ილუსტრაცია. პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველოს საელჩო ლიეტუვას რესპუბლიკაში და სტუდია „ილუსტრატორი“.

სამახსოვრო სანთლები - Sputnik საქართველო
ვერც შეყვარება მოასწრეს და ვერც სათქმელი დაასრულეს – ფრონტზე დაღუპული ქართველი პოეტები

სამი დღის განმავლობაში მე-11 პავილიონში სტუმრებს, პროექტის ფარგლებში, უმასპინძლებენ თეატრისა და კინოს მსახიობები, რომლებიც წიგნების პრეზენტაციის პარალელურად მოაწყობენ წიგნების საჯაროდ კითხვის საღამოებს.

არ დაგავიწყდეთ, რომ წიგნების მოყვარულთათვის სრულად იქნება წარმოდგენილი გამომცემელთა სექტორი და სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაცია. მე-6 პავილიონი, ისევე როგორც გასულ წელს, უმასპინძლებს პატარა მკითხველებს - მათთვის დაგეგმილია სპეციალური კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა.

ფესტივალის ოფიციალური პარტნიორია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე საქართველოს წიგნის ეროვნული ცენტრი და თბილისის მერია. „ექსპო ჯორჯია“ მდებარეობს აკ. წერეთლის გამზირზე, №118.

ფესტივალის მიზანი და ისტორია

ფესტივალის მიზანი - კითხვის პოპულარიზაცია და საქართველოს საგამომცემლო სექტორის განვითარება - 1997 წლიდან მოყოლებული არ შეცვლილა. ტრადიციისამებრ, ყოველწლიურად ფესტივალის მონაწილეები არიან ქართული და უცხოური გამომცემლობები, უნივერსიტეტები, სკოლები, წიგნის მაღაზიები, ბიბლიოთეკები, საელჩოები, არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

ფესტივალის მთავარი ღონისძიება, როგორც ყოველთვის, იქნება გამოფენა-გაყიდვა, რომელზეც სტუმრებს წიგნის პროდუქციისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შესთავაზებენ.

ყველა ახალი ამბავი
0