თბილისი, 19 მაისი - Sputnik. სეტყვა და ძლიერი ქარი დაატყდა გურჯაანის რაიონს - უამინდობის გამო სოფელ ვეჯინს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და შეფერხებული მოძრაობა ვეჯინი-ბაკურციხის ავტომაგისტრალზე, განაცხადა გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.
„ქარმა საავტომობილო გზაზე წააქცია ხე, რომელიც ბუნებრივი გაზის სისტემის მილებს დაეცა და სოფელ ვეჯინს ამ მომენტისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ადგილზე მობილიზებულმა მაშველებმა გზის გაწმენდა უკვე დაასრულეს და მოძრაობა აღდგა. გაზმომარაგების კომპანია კი, ხვალ დილიდან იმუშავებს მიწოდების აღსადგენად“, – განაცხადა ხანდამაშვილმა პირველი არხის ეთერში.
მისი თქმით, მომხდარის ადგილზე მობილიზებულმა მაშველებმა გზის გაწმენდა დაასრულეს და ვეჯინი-ბაკურციხის ავტომაგისტრალზე მოძრაობა აღდგენილია.
გურჯაანის მერმა ასევე განაცხადა, რომ ძირითადად დასახლებული პუნქტი დაისეტყვა - მოსახლეობას ვენახები და სახნავ-სათესი ფართობები ალაზნის ველზე აქვს.
„ღამით რთულია გარკვევა, დაისეტყვა თუ არა ალაზნის ველზე არსებული ფართობები. ამის შესახებ ინფორმაცია ხვალ დილიდან გვექნება“, – განაცხადა მან.
ბოლოჯერ ძლიერი ქარი და სეტყვა, რომელიც 20 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა, კახეთის რეგიონს 1 მაისს დაატყდა და თელავის რაიონის სოფლები დააზარალა.