თბილისი, 19 მაისი - Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი, რომელიც ზუგდიდის მერობისთვის იბრძვის, პირველ ტურში გამარჯვების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ამას არ აღიარებს, პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ირაკლი კობახიძე - ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის ოლქებში ჩვენი კანდიდატები იგებენ >>
რულოვსის განცხადებით, მას უკვე აქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლების კანდიდატი პირველსავე ტურში დაამარცხა.
სანდრა რულოვსი და მისი მხარდამჭერები შეკრებილები არიან 58-ე და 39-ე უბანთან. ისინი შედეგების გამოცხადებას ელოდებიან.
„ჩვენ პირველივე ტურში მოვიგებთ და არანაირად არ ვაჩუქებთ მეორე ტურის ან რაიმე სხვა განცხადებას არ შევეგუებით“, - აცხადებს სანდრა რულოვსი.
მან პოლიციას მოუწოდა, არ აჰყვეს პროვოკაციას და ხალხის გვერდში დადგეს.
„თუ გამოაცხადებენ პირველ ტურში გამარჯვებას, ამას არ შევეგუებით. პირველი ტური ჩვენ გვაქვს მოგებული და არ დავუშვებთ მეორე ტურს. თუ ისინი მაინც პირველ ტურს გამოაცხადებენ, ვისაც უნდა გამომყვეს მთელ საქართველოში, სოფელ სოფელ, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა, მეც მზად ვარ ამ ქვეყნისთვის ამ ნაბიჯის გადადგმისთვის... მე ამისთვის ვარ მზად, რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, თქვენ მე არ მიცნობთ. ჩვენ მოგებული გვაქვს პირველი ტური, თუ ისინი გამოაცხადებენ პირველ ტურში გამარჯვებას, მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტესტს, მე ვადასტურებ ამას“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
რულოვსის განცხადებით, მას მოგებული აქვს 91-ე, 77-ე, 30 ხმით, 31-ე, მე-100 უბანი.
19 მაისს თბილისში პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდა. პარლამენტის დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნების გამართვა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. იგი პარლამენტის დეპუტატი იყო მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან.
გარდა ამისა, მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართა ხუთ რაიონში - ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში, ხოლო საკრებულოების შუალედური არჩევნები კი რვა რაიონში – საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის ოლქებში.
თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>
ამჟამად ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.