თბილისი, 19 მაისი — Sputnik. პარტია „თავისუფალმა საქართველომ" საარჩევნო უბნებზე კოორდინატორების ნაწილი მოხსნა და ზესტაფონის საოლქო კომისიასთან გამაფრთხილებელი აქცია გამართა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ზესტაფონში მერის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 12 თებერვალს კახაბერ მახათაძემ, რომელიც პოსტზე 2017 წელს აირჩიეს, საკუთარი სურვილით თანამდებობა დატოვა.
ზესტაფონის რაიონში არჩევნებში მონაწილეობის უფლება 54,9 ათას ამომრჩეველს აქვს. მათთვის დღეს 53 საარჩევნო უბანი გაიხსნა. ზესტაფონის მერობისთვის 16 კანდიდატი იბრძვის.
პარტია „თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავამ და მერობის კანდიდატმა გიორგი (გოგი) წულაიამ არჩევნების დღეს დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მათ კოორდინატორებზე ზეწოლა მიმდინარეობს.
„წინასაარჩევნო პერიოდში მე ვნახე, როგორ გვიჭერს მხარს მოსახლეობა. მე არ მაინტერესებს, რას დაწერს ცესკო, მე თავს მერად ვაცხადებ და როდესაც დავჭირდები ზესტაფონელებს, მათ გვერდით ვიქნები. დაშინება დაიწყო, ჩემი კოორდინატორების ნაწილი აღარ მეკონტაქტება და ტელეფონები გათიშეს. დაშინებული ადამიანები ვერ საუბრობენ და მე ვისაუბრებ მათ ნაცვალად. არ გაუვათ, გაყალბდება და დავიცავთ ხმებს", - განაცხადა გოგი წულაიამ.
კახა კუკავას თქმით კი, მათ კანდიდატს მეორე ტურში მოხვედრის შანსი აქვს და თუ მათი ბიულეტენები გაბათილდა, აქციებს გამართავენ.
ძირითადი ბრძოლა ზესტაფონში, პოლიტიკური ექსპერტების აზრით, სამ პოლიტიკურ ძალას – მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს", გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას" და პარტია „თავისუფალ საქართველოს" შორის იმართება.
მმართველი პარტიიდან ზესტაფონის მერის პოსტზე გიორგი გოგლიჩიძე იბრძვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან"- ბაქარ ხინჯიკაძე, ხოლო პარტია „თავისუფალ საქართველოდან" - გოგი წულაია.
დღეს შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის. პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.
დღეს გამართულ არჩევნებს აკვირდება 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6,1 ათასზე მეტი დამკვირვებელი და შვიდი საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს კი 45 მედიასაშუალების დაახლოებით 2 ათასი ჟურნალისტი აშუქებს.