თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი თბილისს სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია, იუწყება „პირველი არხი“.
ტელეარხის ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრები ორშაბათს დაიწყება. ლაგარდი მოლაპარაკებას გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში ლაგარდი ასევე შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს.
„კრისტინ ლაგარდის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დასტურია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის ეკონომიკური ზრდის, განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით“, — ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ჩვენს ქვეყანაში სსფ-ს მხარდაჭერით დაიწყო სამწლიანი პროგრამა, რომელიც 285 მილიონი აშშ დოლარით ფინანსდება. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მიაღწიოს ინკლუზიური ზრდის მაღალ ტემპს, უზრუნველყოს ქვეყნის ფისკალური მდგრადობა, შეამციროს ეკონომიკის მოწყვლადობა საგარეო შოკების მიმართ, გააძლიეროს ფისკალური და მონეტარული ინსტიტუციები და გააუმჯობესოს ფინანსური და სოციალური დაცვის მექანიზმები.
კრისტინ ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მე-11 მმართველი დირექტორის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე პირველი ქალი ხელმძღვანელია, რომელიც 2016 წელს მეორე ვადით აირჩიეს.