თბილისი, 19 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის აქტივისტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის. პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.
„ორი თვის განმავლობაში საარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა. თუმცა, ბოლო დღეებში ერთი მხარე შეეცადა არეულობის ხელოვნურად მოწყობას, რაც ძალზე სამწუხაროა. დღეს ზუგდიდში ფიქსირდება მათი მომხრეების უპრეცედენტო რაოდენობა და, შესაბამისად, მათი მხრიდან დესტრუქციული მოქმედებების საშიშროება არსებობს. შევახსენებთ ჩვენს მომხრეებს: პროვოკაციებზე რეაგირება თქვენი საქმე არ არის, ეს სამართალდამცავი ორგანოების საქმეა", - განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
მან ასევე მოუწოდა სხვა პარტიებს, რომ ამომრჩეველს მშვიდ გარემოში არჩევანის გაკეთების და საარჩევნო კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს ნორმალური მუშაობის საშუალება მისცენ.
ზუგდიდის მერის პოსტზე 16 კანდიდატი იბრძვის, თუმცა, ძირითად კონკურენტებად სანდრა რულოვსი და „ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი შენგელია ითვლებიან.
საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის წევრებსა და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" დამკვირვებლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
სანდრა რულოვსი ოპოზიციურ მოძრაობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციას" წარმოადგენს. ოპოზიციამ ხელისუფლება არჩევნების გაყალბების მცდელობაში თავიდანვე დაადანაშაულა. ოპოზიციურმა გაერთიანებამ ზუგდიდში „ხმების დასაცავად" დაახლოებით 5 ათასი აქტივისტის მობილიზება შეძლო.