თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას ტყეებში ხანძრების თავიდან აცილების მიზნით უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს, აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მაღალი ტემპერატურის გამო ზაფხული ხანძარსაშიშ პერიოდად ითვლება. ტყეში ხანძრების გაჩენის ძირითადი მიზეზი ადამიანების დაუდევრობაა, რამაც შეიძლება სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანოს, აღნიშნავენ სააგენტოში.
ეროვნულმა სატყეო სააგენტომ საქართველოს მასშტაბით იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე და ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია, საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნები დაამატა. უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომლებიც სატყეო ზონის ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება.
კერძოდ, სააგენტოს განცხადებით, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.
ტყეების დანარჩენ ტერიტორიებზე კი ხანძრის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. სააგენტოს ინფორმაციით, ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.
სამართალდამრღვევებს დაეკისრებათ როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. კერძოდ, ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 200 ლარამდე, ორ წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში კი კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე.
ბოლო დღეებში ხანძარი მოხდა ბორჯომის ხეობაში, რომლის ჩაქრობაშიც დაახლოებით 200 ადამიანი – მეხანძრე-მაშველები და მეტყევეები მონაწილეობდნენ. რთული რელიეფის გამო ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
საქართველოში სიცხის დადგომისთანავე ხანძრები ხშირად ხდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო 2017 წლის ზაფხულში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში გაჩნდა. მას ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. სპეციალისტების მონაცემებით, ხანგრძლივი ხანძრების შედეგად ასობით ჰექტარი უნიკალური ტყე განადგურდა. ტყის ხანძრების დროს ვითარება მთიანმა რელიეფმა, ქარმა და კლიმატურმა პირობებმა გაართულა. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში დახმარება აღმოუჩინეს თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ბელარუსმა. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.