თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოს შსს–მ დიდი სამუშაო გასწია დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით, რის წყალობითაც 2018 წელს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სამჯერ ნაკლებ ადამიანს დაეკისრა, ვიდრე ერთი წლით ადრე.
კანონმდებლობა გამკაცრდება: ხელისუფლება ცივ იარაღზე წვდომას შეზღუდავს>>>
გამომძიებლებისა და პოლიციის მენეჯერების გადამზადების შედეგად მათ 2018 წელს გაუადვილდათ დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა და ასევე მსხვერპლთან მუშაობა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დანაშაულის განმეორებით ჩადენის თავიდან აცილებისა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვის მიზნით შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური.
გარდა ამისა, შეიქმნა სახელმძღვანელო დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების მოტივის იდენტიფიცირებისა და დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხებზე. სახელმძღვანელო კონკრეტულ ინსტრუქციებს შეიცავს.
ეუთოს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ადამიანის უფლებათა ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობით დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე დაინერგა ტრენინგ-პროგრამა, რომელიც სამართალდამცველ უწყებას სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მყისიერ რეაგირებასა და გამოძიების ეფექტიანად ჩატარებაში დაეხმარება.
საქართველოში უკვე გამკაცრდა პასუხისმგებლობა დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე. გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეულ მუხლებში დამამძიმებელი გარემოების სახით განისაზღვრა დანაშაულის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.
მიუხედავად ამისა, იგეგმება კანონმდებლობის სრულყოფა. ამისთვის ევროსაბჭოსთან ერთობლივი მუშაობა მიმდინარეობს.
შსს-ში ასევე აღნიშნეს, რომ გაუმჯობესდა სტატისტიკური მონაცემების შეგროვების პროცესი. თუმცა, ამაზე მუშაობა არ დასრულებულა. მიზანი – საერთაშორისო სტანდარტების მიღწევაა.
რეფორმები დადებითად შეფასდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მიერ, აცხადებს შსს.