თბილისი, 16 მაისი — Sputnik. მთელი საქართველოს მასშტაბით დღეს საყოველთაო ჯვრისწერის მორიგი ეტაპი ჩატარდა, აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპატრიარქოს ინფორმაციით, საყოველთაო ჯვრისწერა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს ჩოხოსნების ორგანიზებით გაიმართა.
„დღეს ჯვრისწერის საიდუმლო 500-ზე მეტი წყვილისთვის შესრულდა, რომელთაც ოჯახი შექმნილი ჰქონდათ, მაგრამ ჯვარი არ ჰქონიათ დაწერილი", – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
მხოლოდ თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში დღეს ჯვარი 120-ზე მეტმა წყვილმა დაიწერა, რაც სამ ეტაპად განხორციელდა.
საყოველთაო ჯვრისწერის ტრადიციას საფუძველი 2016 წელს პატრიარქისა და ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივით ჩაეყარა.