სათხილამურო ტურნირი, კემპინგი და ფერადი კარვები: სვანეთი დამოუკიდებლობის დღისთვის ემზადება

გამოწერა
ფესტივალის სტუმრებს ორი დღის განმავლობაში დატვირთული გასართობ-შემეცნებითი პროგრამა ელოდებათ.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ორდღიანი ფესტივალი მესტიაში 25-26 მაისს გაიმართება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ ორნახევარი წელი იარსება. დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძემ ლევილში ნოე ჟორდანიას ხსოვნას პატივი მიაგო

ფესტივალის პირველ დღეს, რომლის სლოგანია „იგრძენი თავისუფლების ძალა მთაში", გაიმართება ფოტოგამოფენა, იტორიული და თანამედროვე ფილმების ჩვენება, შემეცნებით-გასართობი აქტივობები ბავშვებისა და დიდებისთვის.

თეთნულდზე გაიმართება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სათხილამურო ტურნირი, სადაც გულშემატკივრებსა და მთის სტუმრებს დახვდებათ განსაკუთრებული სადღესასწაულო გარემო და გასართობი პროგრამა. ტურნირის გამარჯვებულებს კი საღამოს, კონცერტის მსვლელობისას დააჯილდოებენ.

მთის სტუმრებს ჰეშკილში დახვდებათ კემპინგი და ფერადი კარვები, მოსასვენებელი სივრცე, გასართობი აქტივობები ბავშვებისა და მოზარდებისთვის, სხვადასხვა სახის შეჯიბრი, თამაშები და კარაოკე.

ფესტივალის მეორე დღეს, 26 მაისს მთელი დღის განმავლობაში იგეგმება შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები. ბავშვებისთვის სპეციალური სივრცეები მოეწყობა.

სტუმრებს გაართობენ ილუზიონისტები და აკრობატები, გაიმართება შეჯიბრი მკლავჭიდში, ჭადრაკში, ნარდსა და კლდეზე ცოცვაში, თეატრალიზებული საბავშვო წარმოდგენა, ფოლკლორული კონცერტი.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 25 და 26 მაისს ნატახტარიდან მესტიის მიმართულებით ორი დამატებითი რეისი დანიშნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0