თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე სიმღერის საერთაშორისო კონკურს „ევროვიზია 2019"-ის ფინალში ვერ გავიდა - ის გამოდიოდა პირველ ნახევარფინალში, მე-11 ნომრად და სიმღერა „სულ წინ იარე“ შეასრულა.
პირველი ნახევარფინალი გახსნა კვიპროსის წარმომადგენელმა, ქართველმა მომღერალმა თამთა გოგუაძემ სიმღერით Replay, ხოლო საღამო დახურა სან-მარინოს მომღერალმა სერჰატმა კომპოზიციით Say na-na-na.
საქართველოს გამოსვლა „ევროვიზია-2019“-ის ნახევარფინალში
„ევროვიზია-2019“-ის ფინალში გავიდნენ საბერძნეთი, ბელარუსი, სერბეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრალია, ისლანდია, სან-მარინო და სლევენია.
„ევროვიზია-2019“ თელ-ავივში მიმდინარეობს. მეორე ნახევარფინალი და ფინალი შესაბამისად 16 და 18 მაისს გაიმართება. „ევროვიზიას“ ქართველი მაყურებელი ტრადიციულად პირველი არხის ეთერში 23:00 საათზე ნახავს.
ოთო ნემსაძის სასცენო იმიჯზე დიზაინერმა გიორგი შაღაშვილმა იზრუნა. ოთოს ხუთივე ბექვოკალისტი, რომლებიც ევროვიზიის სცენაზე მასთან ერთად წარდგნენ, ანსამბლ „შავნაბადას" წევრია.
ოთარ ნემსაძე წარმოშობით გორიდანაა. დაიბადა 1989 წლის 18 ივნისს. მუსიკით ბავშვობიდან იყო გატაცებული. ნემსაძის მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო, როდესაც მან ვოკალურ სატელევიზიო შოუ „ჯეოსტარში" გაიმარჯვა. ოთო კარიერის დასაწყისშივე გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, საკუთარ თავზე მუშაობის უნარითა და მარცხთან შეურიგებლობით. მალევე გაიბრწყინა ქართულ-უკრაინულ შოუში „10+10", 2013 წელს კი სახელი გაითქვა უკრაინაში, როდესაც უკრაინული „ხმის" (Голос) ფინალში მოხვდა.
2015 წელს მეორე ადგილი დაიკავა უკრაინულის ანალოგიურ ქართულ შოუში – „ერთი ერთში". 2013 წელს ოთო ნემსაძემ ჩაწერა სადებიუტო ალბომი „ფიქრების ზღვა".